ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მარინე ხვედელიძის ხელმძღვანელობით წრე „ჩვენი ენა ქართული!“ ფუნქციონირებს.
წრის წესდება კი შემდეგია:
დასახელება: ჩვენი ენა ქართული.
დევიზი: ენა დედაა ერისა!
წრის წევრი შეიძლება გახდეს ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოწავლე, რომელიც აცნობიერებს მშობლიური ენის დაცვის აუცილებლობას და კლუბის მიზნებს აღიარებს.
მიზნები: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, მშობლიური ენის დაცვა-გაფრთხილება და ყოველდღიური ურთიერთობისას საზოგადოებაში ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების თავიდან არიდება.
„ჩვენი ენა ქართულის“ წრეში გაწევრიანება საკუთარი განცხადების საფუძველზე ხორციელდება;
წრის ყველა წევრი თანაბარი უფლებით სარგებლობს;
წრის წევრს უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე უწყდება;
წრის ყველა წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში, შეიტანოს საკუთარი იდეები, ისარგებლოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
წრის წევრი ვალდებულია დაიცვას წესდება, ხელი შეუწყოს წრის საქმიანობას დასახული ღონისძიებების განხორციელებაში, გაუფრთხილდეს წრის რეპუტაციასა და ქონებას;
წრის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი, ყოველ პარასკევს, ერთი საგაკვეთილო დრო.
პროგრამა:
ენის რაობა; ქართული დამწერლობა და მისი განვითარების საფეხურები; ბგერა, მარცვალი, სიტყვა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა; სიტყვის მნიშვნელობის ცვლა: გაფართოება და დავიწროება; წარმოქმნილი და ძირეული სიტყვები; მარტივი და რთული სიტყვები; სიტყვათა შემოკლებით შეერთება, შემოკლებული წერა; სინონიმი; ანტონიმი; პარონიმი; დიალექტიზმები; არქაიზმები; ნეოლოგიზმები; ნასესხები სიტყვები; ბარბარიზმები; სიტყვათა მყარი შეხამება; მეტყველების ნაწილები (სრულმნიშვნელობიანი და დამხმარე, ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი);
ხშირად დაშვებული შეცდომები: ბრძანება და მოხსენება; ღამე მშვიდობისა; ბოდიშის მოხდა და მადლობის გადახდა; მაგალითის მოიყვანა; ცნება და მცნება; აღქმა და აღთქმა; კამპანია და კომპანია; სწორად და სწორედ; პირი და პიროვნება; მოთხოვნა და მოთხოვნილება; პლაგიატი და პლაგიატორი; პარაკლისი და პანაშვიდი; პაპა თუ ბაბუა; ორი წლის უკან; გაყიდვაშია, შეხებაშია, ხმარებაშია; 2000 წელს; ახლახან თუ ახლახანს? ბოლოს და ბოლოს; მხოლოდ და მხოლოდ; ერთხელ თუ ერთჯერ? საკუთარი სახელის მიმართვის ფორმები; ი -ზე ფუძე გათავებული უცხოური გვარების ბუნებისათვის; მამაოს მიმართვის ფორმები; სახელისა და გვარის ერთად ბრუნება; დ. აღმაშენებელი, თ. მეფე; ბატონისა და ქალბატონის ბრუნება; ერთი და იგივე; მათ თქვეს, მათ გააკეთეს; მათმა საქციელმა, მათმა მეგობარმა; გეოგრაფიული სახელები მსაზღვრელად; ა-დაბოლოებიანი გეოგრაფიული სახელები; სომხეთი თუ სასომხეთი? ალექსანდრეს ბაღი თუ ალექსანდროვის ბაღი?; ბევრი წერილი თუ ბევრი წერილები?; -ვე ნაწილაკიანი რიცხვითი სახელები; რიცხვში მონაცვლე ზმნები; ჩვენგანი, თქვენგანი თუ ჩვენთაგანი, თქვენთაგანი?; აბსტრაქტული სახელების მრავლობითი ფორმები; ბოდიშით თუ ბოდიში?; -ურ და-ულ ბოლოსართები; საერთო ფუძის მქონე ნაწარმოები სიტყვების შესახებ; -ულ და -ურ ბოლოსართიანი ზედსართავი სახელები; ვდგევარ თუ ვდგავარ?; ჰგავს, ჰყავს, სთხოვს, ჰქვია, მისწერა; გან-ზმნისწინი; შეურაცხყოფა თუ შეურაცყოფა?; ავადმყოფობ თუ ვავადმყოფობ?; -ამ ,-ავ და-ობ თემისნიშნიანი ზმნები; ახლა თუ ეხლა?; საპირისპირო მიმართულების ზმნისსართების მართლწერა; რამდენიმე და რამოდენიმე; მომსახურება და მომსახურეობა; ორმაგი თანხმოვნის გადმოცემა ნასესხებ სიტყვებში; სერტიფიკათი თუ სერთიფიკატი?; რელიქვია თუ რელიკვია?; პლაჟი და პლუსი; სიტყვა ნახევარის მართლწერისათვის; ლატარია, ამნისტია, შამპანური; კომფლიქტი, იმფარქტი, იმფორმაცია; სამედიცინო ტერმინთა მართლწერა.