„მადლობა თქვენ! სიკეთისათვის, სითბოსათვის, ყურადღებისათვის“- ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგის ემოციური მიმართვა კურსდამთავრებულებს
08-08-2024

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის პედაგოგები და დირექცია 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულმხურვალედ გულშემატკივრობენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლიდან ისინი ასეთივე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. როგორც კლასის დამრიგებელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ მჭედლიძე ამბობს, თითოეული მეთორმეტეკლასელისგან ძალიან ბევრი რამ ისწავლა და მათ ცხოვრების გზაზე წარმატებას უსურვებს. ის მოსწავლეებს ემოციური და გამორჩეული ტექსტით დაემშვიდობა. 

„მეთორმეტეკლასელებო, ბავშვებო, თამამად შემიძლია გიწოდოთ, ჩვენი სკოლის ღირსეული თაობა! თქვენ ხართ ის მთავარი წიგნი, რომელიც ჩვენ უნდა წავიკითხოთ მასწავლებლებმა. 

მადლობა თქვენ! სიკეთისათვის, სითბოსათვის, ყურადღებისათვის. მე როგორც მასწავლებელმა, მინდა, თითოეულ თქვენგანს მოგმართოთ და გითხრათ, თუ რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან. 

- რა ვისწავლე?

აბრამიანი თემოსგან ვისწავლე, რომ ადამიანი არასოდეს კარგავს ცხოვრების რიტმს, მუდამ შრომობს, ბრძოლობს, უყვარს და თავს სწირავს მოყვასისათვის. დავინახე, თუ რამდენად ძლიერი სიყვარული შეუძლია ადამიანს. 

გასიტაშვილი ნიკოლოზისაგან ვისწავლე, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს მხოლოდ ერთი საქმე და შესწირო ამ საქმეს ყველაფერი - ფიქრი, დრო და ძალისხმევა მხოლოდ ამ ერთი საქმისთვის გაანაწილო. მოუსმინო საკუთარ ხმას და მისწრაფებას, მთელი გულისყურით. 

გვარაძე ლუკასგან ვისწავლე, როგორი აქტიური შეიძლება იყოს ადამიანი, საკუთარი მრავალმხრივი უსაზღვრო შესაძლებლობებით. მონდომებით. მართვის უნარით, ლიდერის თვისებებით. ბავშვურ ბუნებას ჰარმონიულად შეუთავსო სიმკაცრე და არასოდეს დაიღალო ცხოვრებით. 

გოგიშვილი ნინისგან ვისწავლე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მოგისმინოს და გაითვალისწინოს ყველა რჩევა - დარიგება. მოგისმინოს და იფიქროს ყოველ ნათქვამ სიტყვაზე. იფიქროს გონებით და სრულიად განსხვავებულად. დაიწყოს ყოველი ახალი დღე ახალი ოცნებებით. მიიღოს, შეცვალოს და გააგრძელოს... ადვილად დატოვოს ყველაფერი ძველი. სისუსტესა და  სიძლიერეს ერთდროულად ფლობდეს, გულსა და გონებას ერთდროულად უსმენდეს. ყოველთვის კი სიკეთისა ადამიანობის მხარეს იყოს. 

დევიძე ვასილისგან ვისწავლე, თუ როგორ შეიძლება იყოს ადამიანი ერთდროულად ბავშვურიც და ძალიან სერიოზულიც, მკაცრიც და უპრობლემოც ... მაგრამ,  ყოველთვის სანდო მეგობარი და მზრუნველი. 

ნია დოიჯაშვილმა კი დამანახა, თუ რაოდენ ძვირფასი შეიძლება იყოს ადამიანი საკუთარი უბრალოებით. ბავშვური ხასიათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიფიქრებთ, რომ ეს გოგონა სუსტია... მაგრამ შევცდებით... სწორედაც რომ ეს ბავშვი ფლობს უსაზღვრო ძალასა და შესაძლებლობებს. 

ელუაშვილმა თამუნამ მასწავლა, თუ რამხელა ძალა შეიძლება ნახოს ადამიანმა საკუთარ თავში, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმედიანად დაგეგმოს ხვალინდელი დღე. გაიღიმოს, უყვარდეს, ენდობოდეს და ბავშვური უბრალოებით გასცემდეს სითბოსა და სიყვარულს. 

გიო ესიაშვილმა მასწავლა, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია, რომ ადამიანმა რეალურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრების მოვლენები: 

„-  არსებობს მხოლოდ ის, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ. თუ ვერ ვხედავთ, უნდა დავინახოთ ... თუ მაინც ვერ დავინახავთ, არ არის საჭირო დავიჯეროთ... “

ლიზი ესიაშვილმა კი დამაფიქრა, რომ პირველ რიგში, ადამინმა საკუთარი თავის ძებნა უნდა დაიწყო! .. ინდივიდუალიზმი კი ყველგან ჩანდეს. იბრძოლო საკუთარი თავისა და შესაძლებლობების აღმოსაჩენად! .. შესაძლებლობებისა, რომელიც ადამიანისათვის უსაზღვროა. 

მელანაშვილი ლუკასგან ვისწავლე, რომ აუცილებელია, ადამიანმა აკეთო ის საქმე, რაც თავად გსურს და იცხოვრო ისე, როგორც შენი ნებაა. იყო შენი თავის რეალური ვერსია. მთავარია, სწორად განსაზღვრო პრიორიტეტები და გესმოდეს საკუთარი ხმა. 

მელანაშვილმა მარიამმა კი დამაფიქრა, რომ ადამიანის შესაძლებლობას არ აქვს საზღვარი. შეიძლება, ხშირად მოტივაცია ქრებოდეს და ბრძოლოსუნარიანობა იკლებდეს, მაგრამ მარიამისგან ვისწავლე, რომ როცა ადამიანი ხარ, სისუსტე ბუნებრივია და ეს სისუსტე ჩვენი სიძლიერეც არის.  

მეტრეველი ანრისგან ვისწავლე, რომ აუცილებელია, მთელი გულით გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ და ხედავდე საკუთარ თავს მომავალში. ზუსტად იცოდე, სადამდე შეძლებ სიარულს და რა უპირატესობა გაქვს. აუცილებელია, შეისწავლო საკუთარი უპირატესობები და მოწინააღმდეგის სისუსტე. ამ გასაღებით კი გააღო ყველა წარმატების კარი...  

მეტრეველმა გიომ დამაფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ადამიანი  იყოს მომთმენი და ხათრიანი. შეეძლოს, ხშირად არ თქვას საკუთარი სათქმელი. უყვარდეს გულით და უჩუმრად. რადგან, მოთმინებაა ჩვენი სიძლიერე. 

სოსიაშვილმა ლუკამ მასწავლა, რომ ცხოვრება არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, სადაც უნდა გადავრჩეთ. ლუკა, საკუთარი მშვიდი და გაწონასწორებული ბუნებით ცდილობს, არ დააშავოს არაფერი, მაგრამ სიკეთის სადარაჯოსთან იდგეს მუდამ. 

სოსიაშვილმა მარიამმა მასწავლა, რომ ადამიანისათვის სიკეთე, სიმშვიდე და სილამაზე ეს ის ღირსებებია, რომელიც გვეხმარება, ვიყოთ გამორჩეულად დადებითები. 

კობერიძე კესომ კი დაგვიმტკიცა, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მეგობრების ერთგულება. 

მადლობა ბავშვებო, რომ ასეთები ხართ ! 

ჩემი თხოვნა იქნება, იყავით მუდამ ის, ვინც რეალურად ხართ. ბუნებრივები და თავისუფლები. 

მოუსმინეთ საკუთარ ხმას და სულის კარნახს.   

ადამიანობა იყოს ყოველთვის პრიორიტეტი! 

დაგილოცავთ მომავლის გზას! 

ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი ბავშვების მასწავლებლობა მხვდა წილად. 

მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ...

მასწავლებლობა კი არის ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესია, რადგან, ჩვენ ვხვდებით საკლასო ოთახებში - დიახ! პოლიტიკოსებს, ექიმებს, მასწავლებლებს, დედებს, მამებს, წარმატებულ ადამიანებს, ლიდერებს, მეცნიერებს ... და უამრავ მომავლის ადამიანს,  რომელიც ცვლიან ეპოქას. მხოლოდ დროის უპირატესობით შეგვიძლია, მივუთითოთ და ხშირად მოტივაციც ვიყოთ მათთვის, ახალი გზებისა და გადაწყვეტილებების ძიებაში“,- წერს კლასის დამრიგებელი თამარ მჭედლიძე. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203