მიქავას თემის N2 სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ჯოლოხავა დუსელდორფის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას
09-08-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა შორისაა მარიამ ჯოლოხავა, რომელიც სწავლას ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დუსელდორფის უნივერსიტეტში გააგრძელებს. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ და მას ახასიათებენ, როგორც მიზანსწრაფულ, ნიჭერი და შრომისმოყვარე მოსწავლეს და დასძენენენ, რომ მისი წარმატების ყოველთვის სჯეროდათ. 

„მარიამ ჯოლოხავა - ჩვენი სკოლის საამაყო კურსდამთავრებულია, გილოცავთ მარიამ ყველა წარმატებას, წარმატებული გზით გევლოს მთელი ცხოვრება. გვჯერა, რომ ყველა შენს მიზანს და ოცნებას რეალობად აქცევ! ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა შენი! გვიყვარხარ და გვეამაყები, წარმატებები“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

მიღწეულით ბედნიერია მარიამ ჯოლოხავა და გულშემატკივრებს ემოციებს სოციალური ქსელის დახმარებით უზიარებს. 

„არ ვიცი საიდან დავიწყო წერა ან რა ვთქვა და ეს ემოციები სად წავიღო, მაგრამ უნდა გაგიზიაროთ ის სიხარული, რასაც ახლა ჩემს სხეულში ვერ ვატევ... ჩემმა ოცნების უნივერსიტეტმა მიმიღო და ბოლომდე ჯერ ვერ ვიაზრებ რა ხდება ჩემს თავს. დუსელდორფის (Heinrich-Heine) უნივერსიტეტთან ბოლო სამი წლის მანძილზე ბევრჯერ ჩამივლია და მიოცნებია რომ ერთ დღეს მეც მქონოდა აქ, ევროპის (და არამარტო ევროპის) ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, სწავლის შესაძლებლობა, მაგრამ იმდენად განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ ყოველ ჯერზე, რომ ძალიან რთულია დაგეგმო რაღაც, რითაც ამ უნივერსიტეტში შეაღწევ.

რამდენიმე თვის წინ დავპოსტე ის ფოტო, სადაც მომწერეს რომ უფლება მეძლეოდა სწავლა დამეწყო გერმანიის უნივერსიტეტებში და ეგ გაგიზიარეთ, მაგრამ სანამ ეგ წერილი მომივიდოდა დუსელდორფის უნივერსიტეტში ვიყავი მისული რაღაცეების დასაზუსტებლად და ვერც კი აღგიწერთ როგორი იმედგაცრუებული წამოვედი...

როდესაც რაღაც კითხვების დასმა დავიწყე პირველი, რაც მკითხეს იყო ის თუ რომელ ქვეყანას წარმოვადგენდი და როგორც კი საქართველო გაიგეს, რაღაცნაირი ეჭვნარევი სახე მიიღეს და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ არაევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის მხოლოდ 7% აქვთ კვოტა და ერთი ქვეყნიდან მხოლოდ ერთი სტუდენტი ირჩევა ან საერთოდ არ აირჩევენ კონკრეტული ქვეყნიდან სტუდენტს.

აი როგორ გითხრათ, ეს ისეთი რაღაცაა, უნივერსიტეტში რომ მიხვიდეთ და ვიღაცამ გითხრათ მნიშვნელობა არ აქვს 100% გრანტს აიღებ თუ არა, მაინც ვერ ისწავლი ამ უნივერსიტეტშიო რაღაც მსგავსი. ანუ იმის შანსი რომ აქ, ამ კონკრეტულ ფაკულტეტზე მოვხვდებოდი, იყო ალბათ 0.0001%, რადგან ჩემი შედეგებით უნდა გადამესწრო ბევრი კონკურენტისთვის და მოვხვედრილიყავი იმ 7 სტუდენტში რომელიც მთელი არაევროკავშირი წევრი ქვეყნებიდან აირჩეოდა. ძალიან სევდიანი ვიყავი მაგ დღეს და მეგონა რომ ჩემს ყველაზე დიდ ოცნებას ვეღარასდროს ავიხდენდი, მაგრამ მაინც შევძელი, მაინც ვიბრძოლე და ის 8 თვის უძინარი ღამეები და დაუოკებელი სურვილი, რომ იმ ერთეულებს შორის ვყოფილიყავი, გავამართლე!!!  ერთი ღამეც კი არ გასულა რომ პასუხზე არ მეფიქრა, ერთი საათიც არ ჩაივლიდა რომ ჩემს გონებაში არ გაევლო მოსალოდნელ პოზიტიურ თუ ნეგატიურ პასუხს...რა ვთქვა, არ ვიცი... ვზივარ და ვტირი, რადგან ჯერაც ვერ ვიაზრებ რამხელა სასწაული ხდება ჩემს თავს...“,- წერს კურსდამთავრებული. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203