მასწავლებლების ეროვნული პრემიით დაჯილდოების თარიღი შეიცვალა - განმარტებას განათლების სამინისტრო აკეთებს
19-08-2024

წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია, 27ოქტომბრის ნაცვლად, 13 სექტემბერს გაიმართება. 

რატომ შეიცვალა დაჯილდოების თარიღი, რომელიც მთავრობამ 2023 წელს დაადგინა?-  როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, 13 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონიის ჩატარება გამონაკლისი შემთხვევა იქნება. ცვლილების მიზეზი კი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებია. 

„ვინაიდან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები, გამონაკლისის სახით, წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის მინიჭების საზეიმო ცერემონია გაიმართება 13 სექტემბერს. საზეიმო ცერემონიას ესწრებიან მასწავლებლები საქართველოს ყველა კუთხიდან, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია ცერემონიის თარიღის ცვლილება, რათა შეუფერხებლად და მასშტაბურად აღინიშნოს ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღესასწაული“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 აგვისტოსდადგენილებით დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

მასწავლებლის ეროვნული დღის ფარგლებში ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203