ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გთავაზობთ რამდენიმე განმარტებას სარეკომენდაციო ეროვნული სასწავლო გეგმიდან, რომელი საგნები ერთიანდება საგნობრივ ჯგუფებში.
სახელმწიფო ენის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);
ბ) აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);
გ) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (ისწავლება I-XII კლასებში);
დ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
სახელმწიფო ენის შესწავლამ მოზარდს უნდა განუვითაროს ძირითადი საკომუნიკაციო უნარები (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) საქართველოს სახელმწიფო ენაზე/ენებზე. ამ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება.
მათემატიკის საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება სავალდებულო საგნები – მათემატიკა (ისწავლება I-XII კლასებში) და ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
მათემატიკის და ჭადრაკის სწავლების ძირითადი მიზნებია მოზარდში ანალიტიკური, ლოგიკური, სისტემური და სიმბოლური აზროვნებისა და კვლევის უნარ-ჩვევის გამომუშავება. ამ საგნების სწავლამ მოსწავლეს უნდა შესძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება ცხოვრებისეული პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ხაზვა, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), რობოტექნიკა, კოდირება, მედიაწიგნიერება.
უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) პირველი უცხოური ენა (ისწავლება I-XII კლასებში);
ბ) მეორე უცხოური ენა (ისწავლებაV– XII კლასებში);
გ) მესამე უცხოურ ენა (არჩევითი საგანი, ისწავლება X-XII კლასებში);
დ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
პირველი კლასიდან სავალდებულოა ინგლისური ენის სწავლება.
პირველი უცხოური ენის სწავლება იწყება პირველი კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის - V კლასიდან (გარდა არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა). სკოლამ მინიმუმ ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ასარჩევად.
უცხოური ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე და კერძო სკოლები უფლებამოსილები არიან მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყონ ნებისმიერი კლასიდან.
საჯარო სკოლა უფლებამოსილია, სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით, მეორე უცხოური ენის სწავლება დაიწყოს მესამე კლასიდან.
უცხოური ენების სწავლებამ მოსწავლეს უნდა განუვითაროს სახელმწიფო ენასთან ერთად სულ მცირე ორ ენაზე კომუნიკაციის უნარი.
არაქართულენოვან სკოლებს/სექტორებს უფლება აქვთ თავიანთ მოსწავლეებს, სახელმწიფო და მშობლიური ენების გარდა, ერთი უცხოური ენა ასწავლონ.
უცხოური ენების საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ წერილობითი და ზეპირი ფორმით კომუნიკაცია უცხოურ ენაზე/ენებზე. ყველა სხვა საგნობრივი ჯგუფის მსგავსად, ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარის განვითარებას.
სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეებს მეორე უცხოურ ენად ნებისმიერი სხვა ენა/ენები შესთავაზოს, რაც უნდა განისაზღვროს სასკოლო სასწავლო გეგმით.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: მესამე უცხოური ენა, ამერიკისმცოდნეობა, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, მედიაწიგნიერება.
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) მე და საზოგადოება (ისწავლება III-IV კლასებში);
ბ) ჩვენი საქართველო (ისწავლება V-VI კლასებში);
გ) ისტორია (მოიცავს საგანს „ისტორია“ და ისწავლება VII-XII კლასებში და საგანს „საქართველოს ისტორია“ და ისწავლება X-XII კლასებში);
დ) გეოგრაფია (მოიცავს საქართველოს და მსოფლიოს გეოგრაფიას და ისწავლება VII-XII კლასებში);
ე) სამოქალაქო განათლება (მოიცავს საგან „მოქალაქეობას“ – VII-XII კლასები და სავალდებულო პროექტებით სწავლება – X-XII კლასები);
ვ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივი ჯგუფის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას; მიაწოდოს მოსწავლეს ინფორმაცია მშობლიური გარემოს შესახებ; დაეხმაროს მას, განსაზღვროს მშობლიური ქვეყნის ადგილი მსოფლიო ისტორიულ და გეოგრაფიულ პროცესებში; ჩამოაყალიბოს იგი პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანად. ამასთან, საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებისთვის.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკა და სახელმწიფო, მეწარმეობის საფუძვლები, მსოფლიო კულტურა, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, გარემო და მდგრადი განვითარება, მედიაწიგნიერება.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ბუნებისმეტყველება (ისწავლება I-VI კლასებში);
ბ) ბიოლოგია (ისწავლება VII-XII კლასებში);
გ) ფიზიკა (ისწავლება VII-XII კლასებში);
დ) ქიმია (ისწავლებაVIII-XII კლასებში);
ე) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მთავარი მიზანია, აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს მას კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს შეიცნოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს მიმართ.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, ბუნებისმეტყველების ინტეგრირებული ლაბორატორიული კვლევები, რობოტექნიკა, კოდირება, მედიაწიგნიერება.
ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფს განეკუთვნება:
ა) კომპიუტერული ტექნოლოგიები (იგი ისწავლება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე);
ბ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
ტექნოლოგიების საგნობრივი ჯგუფის მიზანია: ხელი შეუწყოს მოსწავლეებში მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებას; დაეხმაროს მათ სხვადასხვა დარგისათვის სპეციფიკური ტექნოლოგიების დაუფლებაში და ამ ტექნოლოგიების გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორც სხვადასხვა საგანთან ინტეგრირებული სწავლებისას, ასევე ცალკე სწავლების გზით.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: კომპიუტერული მეცნიერება, კოდირება, რობოტექნიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და დიზაინი, მულტიმედია და მუსიკა, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის), მედიაწიგნიერება.
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მოიცავს სავალდებულო საგანს სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
ბ) მუსიკა (მოიცავს სავალდებულო საგანს მუსიკაში I-IX კლასებში და სავალდებულო პროექტებით სწავლებას X ან XI კლასში);
გ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, განუვითაროს მოსწავლეებს წარმოსახვა, შემოქმედებით-ასოციაციური აზროვნება და ემოციური სფერო; გამოუმუშაოს ხელოვნების ნიმუშებისა და მუსიკის აღქმის, შეფასების, გარემოს შეცნობისა და მისი მხატვრული ასახვის უნარები და ამით ხელი შეუწყოს თვითგამოხატვის განსხვავებული საშუალებებისა და ფორმების დაუფლებას. დაეხმაროს მოსწავლეებს ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლასა და მისი საშუალებით ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარებაში.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის შემდეგი არჩევითი საგნები: გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგი (თექა, ხეზე კვეთა, მეთუნეობა, გობელენი და სხვ) - შრომა, სახვითი ხელოვნების რომელიმე დარგი (ხატვა, ფერწერა, ძერწვა), თანამედროვე ტექნოლოგიები მუსიკაში, მულტიმედია და მუსიკა, გუნდი, დრამა, თეატრალური ხელოვნება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პრაქტიკული კურსი, ხელოვნების ისტორია, ფოლკლორული ანსამბლი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, მულტიმედია და დიზაინი, კინოხელოვნება, მედიაწიგნიერება.
სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულია შემდეგი სავალდებულო საგნები:
ა) ფიზიკური აღზრდა (ისწავლება I-VI კლასებში)
ბ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი (VII-XII კლასებში);
გ) ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
სპორტის საგნობრივი ჯგუფის მიზანია, ჩააბას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, ასევე, მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში.
სსსმ მოსწავლეები (კერძოდ, ფიზიკური პრობლემების მქონე: ეტლით მოსარგებლე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე, მხედველობისა და სმენის დარღვევის მქონე და სხვ.) სპორტის გაკვეთილებსა და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობენ მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ამ მუხლით განსაზღვრულ საგნობრივ ჯგუფში ასევე შედის არჩევითი საგანი – ჭადრაკი (სპეციალური ელექტრონული პროგრამა II-III კლასებისთვის).