„1 წელი ბევრს ნიშნავს, მიხარია, რომ სავალდებულო განათლება გახანგრძლივდა“ - სალმინაზ ალიევა, იმირის საჯარო სკოლის დირექტორი
23-08-2024

2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. როგორ ემზადება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის საბაზო სკოლა აკადემიური წლისთვის, როგორ აფასებს სკოლის დირექტორი საბაზო საფეხურის გახანგრძლივებას და შეიქმნება თუ არა ცვლილების გამო კადრების დეფიციტი - აღნიშნულ თემებზე Etaloni.ge-სთან ხელმძღვანელი სალმინაზ ალიევა საუბრობს: 

„ახალი სასწავლო წლისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ვემზადებით, პირველ რიგში ვაგვარებთ მენეჯმენტურ საკითხებს: ვადგენთ ცხრილებს, სასწავლო გეგმებს, ვატარებთ აღრიცხვებს და ა.შ. განსაკუთრებული სიხარულით ველით პირველკლასელებს, ჩვენ პატარა სოფელში ვცხოვრობთ, სკოლა საბაზოა და არ ვართ ბევრი მოსწავლით განებივრებულნი, წელს 4 პირველკლასელს ველოდებით, ჩვენისკოლა რემონტდება, დროებით მეზობელ სკოლაში ვართ, მეორე ცვლაში და ვიმედოვნებთ, რომ განახლებულ სკოლას გაცილებით მეტი მოსწავლე ეყოლება“. 

დირექტორი ჩვენთან საუბრისას, სიხარულით აღნიშნავს, რომ კურსდამთავრებულებს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლას არ წყვეტენ საშუალო სკოლებში გადადიან და უმაღლეს სასწავლებლებშიც წარმატებით აბარებენ.

„მიხარია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის საკმარისი არ არის საბაზო განათლება და იჩენენ ინიციატივას, რომ სრული საშუალო განათლება მიიღონ და მეტიც, შემდეგში სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ“. 

დირექტორი ჩვენთან საუბარში სავალდებულო განათლების გახანგრძლივებას დადებითად აფასებს და დასძენს, რომ სკოლა ცვლილებას სრული მზადყოფნით ხვდება.

„ძალიან მიხარია, რომ საბაზო განათლება გახანგრძლივდა და სავალდებულო სწავლა 10-წლიანი გახდა. ჩვენთან კადრების დეფიციტი არ იქნება, ვფიქრობ, სრულიად მზად ვართ მოვერგოთ ცვლილებას და ახალი ენერგიით გავაგრძელოთ საქმიანობა. 

ზოგადად, ვთვლი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ამ ასაკში 1 წელი ძალიან ბევრს ნიშნავს. ახალი თაობა, ძველთან შედარებით ნაკლებად ჩამოყალიბებულია, არ იციან რა უნდათ და ამ გაურკვევლობის გამო, ან არასწორ გზას ირჩევენ, ან საერთოდ ცოდნის გარეშე რჩებიან და სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებენ. სწავლის გაგრძელება ფინანსურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული და განსაკუთრებით ის ბავშვები იჩაგრებიან, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ დიდი შემოსავალი, სწორედ ამიტომ, მოსწავლეებს უნა ჰქონდეთ მეტი ამბიცია, თუნდაც დაფინანსების მოპოვებისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა, რომ შეიქმნან წარმატებული მომავალი“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203