ეროვნული სასწავლო გეგმის მისია და მიზნები რეალიზდება 3 პრინციპის საფუძველზე: სიღრმისეული სწავლა; პოზიტიური სასწავლო გარემო; ინკლუზიური განათლება. გთავაზობთ თითოული მათგანის განმარტებას.
სიღრმისეული სწავლა-სწავლება გულისხმობს:
ა) მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურებას;
ბ) ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას;
გ) ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას;
დ) სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა);
ე) მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენას.
პოზიტიური სასწავლო გარემო გულისხმობს პირობებს, რომელშიც მოსწავლე თავს გრძნობს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ და ახერხებს შემდეგი ფუნქციურ-კომპონენტური უნარების გამოვლენა-განვითარებას:
ა) კრიტიკული აზროვნება - მოსწავლეს ეძლევა ფაქტების ანალიზის, იდეების გენერირებისა და ორგანიზების, მოსაზრებების დაცვის, შედარების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
ბ) შემოქმედებითობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება შეაფასოს პრობლემა და გამოწვევა სხვადასხვა პერსპექტივიდან, ჩამოაყალიბოს ალტერნატიული პასუხები და ხედვები, დაგეგმოს და შეიმუშავოს პრობლემის გადაჭრის საკუთარი მოდელი;
გ) თანამშრომლობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება წარმატებით იმუშაოს სხვებთან ერთად საერთო მიზნის მისაღწევად. გაიაზროს საერთო პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ერთად. გააცნობიეროს გუნდური მუშაობის პრინციპები და ურთიერთობის ფორმები;
დ) კომუნიკაცია - მოსწავლეს ეძლევა საშუალება დაამყაროს მიზნობრივი ურთიერთობა სხვებთან და გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად კულტურისა და სიტუაციის შესაბამისად; იყოს აქტიური, კეთილგანწყობილი, ემპათიური მსმენელი, განახორციელოს უკუკავშირი და რეფლექსია; გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა კომუნიკაციის პროცესში;
ე) ხასიათი/ნებელობა - მოსწავლეს ეძლევა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესწავლის, იდენტობის გააზრების, სწავლის პროცესის მართვის შესაძლებლობა. მხარდაჭერილია მოსწავლის პიროვნული ზრდის მოთხოვნილებები და წახალისებულია მისი თვითაქტუალიზაციის პროცესი;
ვ) მოქალაქეობა - მოსწავლეს ეძლევა საშუალება სხვათა ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით იმსჯელოს და იფიქროს იმ გლობალური/კომპლექსური საკითხების გაანალიზებასა და მოგვარებაზე, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანისა და გარემოს მდგრადობაზე. გააცნობიეროს უნივერსალური ეთიკის პრინციპები და ინდივიდის როლი და თანაშემოქმედებითობა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში.
ინკლუზიური განათლება გულისხმობს:
ა) ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვას;
ბ) მრავალფეროვნების დაფასებას;
გ) რესურსების თანაბრად განაწილების პოლიტიკას;
დ) დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასებას;
ე) ყველა მოსწავლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო პროცესს; სწავლა-სწავლების პროცესში სწავლების უნივერსალური დიზაინის გამოყენებას;
ვ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლისთვის დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას;
ზ) მოსწავლის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საკუთარი საგანმანათლებლო გამოცდილების მართვაში; განივითაროს საკუთარი პოტენციალი და გახდეს მის გარშემო მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე;
თ) სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი თავს უნდა გრძნობდეს სასკოლო თემის ნაწილად და საკუთარი წვლილი შეჰქონდეს მის განვითარებაში.