ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის კოლექტივი წარმატებული, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგებით არის დაკომპლექტებული, რომელთა შორისაა ლამზირა ოსეფაშვილი.
ორი საგნის სპეციალისტმა, წელს მესამე საგანშიც დაადასტურა კომპეტენცია, მან სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის შემდეგ უფროსი სპეცმასწავლებლის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა.
„როგორც იქნა არდადეგები დასასრულს მიუახლოვდა, იწყება ახალი სასწავლო წელი. მნიშვნელოვანია, რომ სკოლას ამდიდრებდნენ კომპეტენტური სერტიფიცირებული პედაგოგები. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსები იხსნება, კომპეტენცია ხელშეუხებელია, რაც მოსწავლეებთან ცოდნის ხარისხის ამაღლებაში ვლინდება“,- ასეთი შემართებით სკოლის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პედაგოგთა მონდომებასა და მოტივაციას, ახალისებს და აფასებს მათ შრომას.
თავად, პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი აღნიშნავს, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს განვითარებაზე, პროფესიულ წინსვლაზე - ეს კარგად აისახება მის პროფესიულ საქმიანობაზეც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგს მრავალი სამოქალაქო სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული, გარდა ამისა ყოველ წელს ჰყავს სკოლაში აბიტურიენტი, რომელსაც უანგაროდ ამზადებს. მისი აბიტურიენტი წელს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
„მთავარია შრომა, პროფესიული ზრდა, მოსწავლეებთან სწორი კომუნიკაცია, ცოდნის გადაცემის ხერხების ფლობა, ჯანსაღი გარემო და მეტაკოგნიციის უნარები“, - აღნიშნავენ სკოლაში და პედაგოგს ულოცავენ წარმატებას.