სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარია თითოეული პირველკლასელისთვის. თუმცა, ზოგიერთი ბავშვი განსაკუთრებით ემოციურია და დედასთან განშორება უძნელდება, ცრემლებს ვერ იკავებს... სკოლის კედლებს არაერთი ატირებული პატარა უნახავს, დედიკოს დასწრებას რომ ითხოვს გაკვეთილზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სასწავლო დაწესებულების შენობაში მშობლის ყოფნა, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებს, სიმშვიდესა და დაცულობას აგრძნობინებს.
ექნებათ თუ არა მშობლებს სკოლაში შესვლის უფლება სასწავლო წლის პირველ დღეს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს ბევრმა მშობელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სტატიის მომზადება გადავწყვიტეთ. დეტალებზე კი დირექტორები გვესაუბრებიან, რომლებიც პირველკლასელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვას ამომწურავად პასუხობენ.
ქეთევან თევდორაშვილი, თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი:
არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი თავიდან ვერ ეგუება სასკოლო გარემოს, ტირის და უარს ამბობს გაკვეთილზე დასწრებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ ის თავიდანვე, პირველი დღიდანვე შეეგუება სკოლას, მაგრამ ყველას ერთნაირი ფსიქიკა ვერ ექნება. ბავშვის ფსიქიკისთვის თუ საჭიროა მშობლის დასწრება გაკვეთილზე, რა თქმა უნდა გამონაკლის შემთხვევებს ვუშვებთ და მშობელს ვრთავთ ნებას, შვილთან ერთად დაესწროს გაკვეთილს. თუმცა, ჩვენთან მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვს ეს არ დასჭირდეს. ჩვენი შინაგანაწესი აბსოლუტურად ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის კეთილდღეობას. განსაკუთრებული წესები არ გვაქვს, ჩვენი შინაგანაწესი კანონმდებლობიდან გამომდინარეა, რაც საკმაოდ ვრცელია და დამატებას არ საჭიროებს. მაგალითად, ერთ-ერთი რომ განვიხილოთ - ჩვენი წესები არ გულისხმობს მოსწავლეებისთვის ტელეფონების ჩამორთმევას, რადგან მე მიმაჩნია, რომ ეს მისი პირადი საკუთრებაა და თუ ბავშვი მას არ გამოიყენებს საგაკვეთილო პროცესში შეუძლია ჰქონდეს. თუმცა, მკაცრად გვაქვს განსაზღვრული, რომ მისი გამოყენება არ შეიძლება, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად ჩამოერთმევათ ტელეფონები. ამას ისინი უკვე შეგუებულები არიან და მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ტარიელ გველესიანი, ქუთაისის N29 საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ბავშვი პირველ დღეს ტირის და სკოლაში გაჩერება არ უნდა. რა თქმა უნდა, კარგია თუ სკოლისთვის მზაობა ექნება. თუმცა, ყველაფერი ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. მე პირადად სკოლაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია, როდესაც ბავშვი ტირის და კლასში გაჩერება არ უნდა. ინდივიდუალურია ეს საკითხი. თუ პირველ დღეს მშობლის სკოლის შენობაში ყოფნა დაამშვიდებს მოსწავლეს, რატომ არ უნდა დავუშვათ? ამაში ცუდი არაფერია. პირველ დღეს ჩვენს სკოლაში ყოველთვის ისეთი ამაღლებული განწყობაა და იმდენად დადებითი ემოციებითაა დატვირთული, რომ პირიქით, ყველა ბედნიერია.
რამინ ბერიძე, თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ზოგადად, სკოლის პირველი დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელია როგორც მოსწავლის, ასევე მშობლისთვის. სკოლის შენობაში შემოსვლა თუ სურთ მშობლებს და ბავშვების დამშვიდება, ამის უფლებას, რა თქმა უნდა, ვაძლევთ. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ბავშვს კლასში გაჩერება არ სურს და ტირის, მშობელს ვრთავთ ნებას, მასთან ერთად საგაკვეთილო პროცესს დაესწროს, რადგან ბავშვს სკოლა არ შესძულდეს პირველივე დღეს.
მოგეხსენებათ, გარემო უცხოა პირველკლასელთათვის, ამიტომ პირველი კვირა არცთუ მარტივია. ჩვენი სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად უწყობენ ხელს ბავშვებს, რათა სკოლა მათთვის საყვარელი ადგილი გახდეს და კლასში შესვლა უხაროდეთ. ზოგადად, ჩვენი სკოლის შინაგანაწესი მორგებულია მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ჩვენ მას შევიმუშავებთ პედაგოგებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე... დისციპლინა, მოსწავლეთა წახალისების ფორმები... ყველაფერს მოვიაზრებთ ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში.