კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები და უმაღლეს სასწავლებლებში მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.
სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის 8 კურსდამთავრებულიდან 5 სტუდენტი გახდა, მათგან ორი ოქროსმედალოსანია, რომელთაგან ერთმა - ანა ხოდელმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლაში თითოეული აღზრდილის წარმატებით ხარობენ, მათ აქტიურად გულშემატკივრობენ და სჯერათ, მათი წარმატებული და ნათელი მომავლის.
„თითოეული მოსწავლის წარმატება სკოლისთვის, მასწავლებლებისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა. კიდევ უამრავ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს ნიჭიერ და ძალიან კარგ ბავშვებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.