საქართველოს საჯარო სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება - ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვრის ინიციატივით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან პროფესიული განათლება საჯარო სკოლებში შედის.
კერძოდ, სამინისტრო პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პირველად სთავაზობს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით საპილოტედ შერჩეულ 20 საჯარო სკოლის ბაზაზე განხორციელდება.
სამინისტრო, პროფესიული უნარების სააგენტოსთან ერთად, თითოეულ სკოლაში საინფორმაციო შეხვედრებს ღია კარის დღის პრინციპით გამართავს.
ინიციატივა მე-11 კლასის მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს სკოლებშივე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილ სასწავლო გარემოში, პრაქტიკაზე დაფუძნებით, ზოგადი განათლების პარალელურად დაეფლონ მოთხოვნად პროფესიას და მიიღონ, როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ასევე, პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. სწავლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაქმდნენ პროფესიით ან სურვილის შემთხვევაში გააგრძელონ სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე.
საპილოტე სკოლებში ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია, მოსწავლეებს სკოლის ბაზაზე, სკოლის ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრულ ვადებში, შეეძლებათ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.