ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - მარიტა პირპილაძემ, ანანო მსხალაძემ და ლიზი კახიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ. ამასთან, ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულებმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
ანანო მსხალაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის.
ლიზი კახიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურ ფილოლოგიაზე 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;
მარიტა პირპილაძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას დაეუფლება, მას სახელმწიფო სწავლის გადასახადს 50%-ით დაუფინანსებს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს მთელი საგამოცდო პერიოდი აქტიურად გულშემატკივრობდნენ. სკოლაში ახარებთ, მათი მიღწევები და იმედოვნებენ, რომ კურსდამთავრებულთა წარმატებით არაერთხელ იამაყებენ.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქედქედის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს ულოცავს სტუდენტობას!
ჩვენო ძვირფასებო, თქვენს ცხოვრებაში სიახლეებით აღსავსე დაუვიწყარი პერიოდი იწყება, ახალი გამოწვევებით, გამოცდილებით, ურთიერთობებით, ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობებით. თქვენი წინსვლა და წარმატება განათლებაშია. გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ! გვიყვარხართ! გვეიმედებით!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა.