„სულ მეხსომება პირველი კლასი და სკოლა ჩემი სასწავლებელი, ცოდნის სამყაროს კარის გამხსნელი, ჩემი პირველი მასწავლებელი“, - ეს ნაწყვეტი იოსებ ციცქიშვილის ლექსიდან „ჩემი პირველი მასწავლებელი“, - ალბათ, ყველაზე უკეთ გადმოსცემს, თუ რაოდენ განუზომელია პირველი მასწავლებლის წვლილი მოსწავლის განვითარებაში. სკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები, ანბანეთისა თუ მათემატიკური სიზუსტეების სამყაროში მოგზაურობა, სწორედ ჩვენი პირველი მასწავლებლის ღვაწლის შედეგად იძენს ჯადოსნურ, ზღაპრულ ელფერს და უკვე დიდობაში, ბოლომდე ვაცნობიერებთ, რომ ამ ადამიანმა, კეთილმა სათნომ, ჩვენში მხოლოდ განათლებას კი არ ჩაუყარა საფუძველი, გვასწავლა სიყვარული, მეგობრობა, თანადგომა, მხარდაჭერა, გაგვიღვივა ემპათიის უნარი და ფართოდ გაგვიღო კარი წარმატებული მომავლისკენ.
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავად სკოლის დირექტორები იხსენებენ პირველ მასწავლებელს და etaloni.ge-სთან ერთად საკუთარ ბავშვობაში ცოტა ხნით „ბრუნდებიან“.
მარიამ ქიმაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლელოვნის საჯარო სკოლის დირექტორი:
როდესაც სკოლაში შევედი, სამყარო ჩემი მეგონა, იმდენად საოცარი მასწავლებელი შემხვდა, ციცინო მაჭარაშვილი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. სწორედ მან შემაყვარა სკოლა და სწავლა. პირველ მასწავლებელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი ჩვენს ცხოვრებაში, სწორედ მაშინ ჩნდებიან, როცა მსოფლმხედველობა გვიყალიბდება და ისინი ხდებიან ჩვენი მეგზურები ამ დიდი ცოდნის სამყაროში, იმ ბავშვურ ასაკში, როცა ჯერ კიდევ ვერაფერში ვერკვევით, არ ვართ დამოუკიდებლები. ისინი არიან ჩვენთვის სამაგალითონი - ეტალონი მასწავლებლები. პირველ მასწავლებელთან შეხვედრა ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, მშობლებმა დაგვარიგეს, რომ ყვავილები უნდა მიგვერთმია, ისე მრცხვენოდა ძლივს მივიტანე და ვერ ვბედავდი მიწოდებას, თუმცა საოცრად თბილად შემეგება, ღიმილით და პოზიტიურად, ღელვაც მომეხსნა და იმ დღიდან ჩემთვის საუკეთესო და საყვარელ მასწავლებლად იქცა.
ეკატერინა ღუღუნიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მერევის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი პირველი მასწავლებელი კარგად მახსოვს. უნდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, დაჯილდოებული კეთილშობილური თვისებით. ისეთი ადამიანი გახლდათ, რომელზეც ცუდს ნამდვილად ვერ იტყოდით. მახსოვს, ძალიან ბევრ 5-იანებს (მაშინ 5-იანი იყო უმაღლესი შეფასება) გვიწერდა. პროფესიის არჩევის დროსაც სწორედ პედაგოგმა იქონია ჩემზე გავლენა. ოღონდ როგორც მახსოვს, ეს პირველი მასწავლებელი არ ყოფილა, ისტორიის პედაგოგი გახლდათ. ახალგაზრდა გოგო იყო, ისტორიას გვასწავლიდა მე-5 კლასში. მაშინ გადავწყვიტე, რომ მეც ისტორიის მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი. ძალიან კარგი მასწავლებელი იყო და გვიყვარდა, კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსწავლეებთან. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეს მასწავლებელი ჯერ პიროვნულად უნდა შეუყვარდეს, უნდა იყოს ბავშვის მეგობარი, მხარდამჭერი, იდეების გამზიარებელი. მაგალითად, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც მოსწავლე გაკვეთილის მოყოლისას არასწორ ინფორმაციას აჟღერებდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ დროს ბავშვები აქეზებდნენ, ხმამაღლა ამბობდნენ, რომ ტყუილს ამბობდა. მე მათ ვუთხარი, მოეთმინათ და ბავშვისთვის საშუალება მიეცათ ჩამოეყალიბებინა და დაესრულებინა აზრი, შემდგომ კი ერთად მივიდოდით დასკვნამდე. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მთავარია, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის სწორი, პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. უნდა იგრძნობს ბავშვმა, რომ პედაგოგი მას მხარს უჭერს და მის აზრს ითვალისწინებს. ასევე პედაგოგმა აუცილებლად უნდა მისცეს ბავშვს მოტივაცია. მე ჩემი მასწავლებლების მაგალითზე ვცდილობ ასეთი ვიყო. ჩემმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია ერთხელ მითხრა: „თქვენ როგორც გვიხსნიდით ზუსტად, ასე გვესაუბრება ჩვენი ლექტორიო“.
ლელა კუდუხაშვილია, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორი:
ჩემი პირველი მასწავლებელი ძალიან ჰუმანური ადამიანი იყო. პირველი დღე ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით პირველკლასელისთვის განსაკუთრებულია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ შეხვდები მოსწავლეს. აუცილებელია როგორ შეხვდები ბავშვს, რადგან პირველი შთაბეჭდილება დაუვიწყარია. ჩემი მასწავლებელი პირველ დღეს ყველას თბილად შეგვეგება, შეგვიყვანა კლასში და ძალიან კარგად მოგვექცა. ეს გარემო უცხო იყო ჩვენთვის, საბავშვო ბაღი არ იყო იმ დროს და მასწავლებელი პირველად აღვიქვით. თუმცა, მან ისეთი მეგობრული და ოჯახური გარემო დაგვახვედრა რომ გაგვიმარტივდა სკოლასთან შეგუება. ყველა მოსწავლე, ვინც ტიროდა და კლასში არ ჩერდებოდა დაამშვიდა, დააწყნარა ესაუბრა და თამაშით გაართო. ძალიან კარგად მახსოვს ეს დღე. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მან ჩემს მომავალ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია.
ნინო ცერცვაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჭევის საჯარო სკოლის დირექტორი:
ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა თამრიკო შეყლაშვილი. ის ძალიან ყურადღებიანი, შრომისმოყვარე ადამიანი იყო, უყვარდა თავისი მოსწავლეები. მან უდიდესი გავლენა იქონია ჩემი პროფესიის არჩევისას. მასწავლებელი სწორედ ასეთი უნდა იყოს, უნდა უყვარდეს ბავშვები, მათთან კომუნიკაცია. პირველ რიგში კი შრომა უნდა უყვარდეს და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს. სწორედ ასეთი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი. თანამედროვე სისტემაში ჩემი მასწავლებლის მიდგომებს ვერ ვითვალისწინებ. თუმცა, ბავშვების მიმართ სიყვარული და ყურადღება კი მისგან ვისწავლე.
სონია მეტრეველი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მოხდა ისე, რომ პირველ კლასში ბევრი მასწავლებელი გამოვიცვალეთ. ყველა ძალიან კარგად მახსოვს. ჩემი პირველი მასწავლებელი სამწუხაროდ ცოცხალი აღარაა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო - წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული, ზუსტად ისეთი როგორიც უნდა იყოს პედაგოგი. ჩემს პროფესიაზეც დიდი გავლენა ჰქონდა ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც ამავდროულად ჩვენი კლასის დამრიგებელი გახლდათ. თანატოლივით უნდა მოიქცეს მასწავლებელი მოსწავლეებთან. მეც ვცდილობ, რომ ასეთი ვიყო. უშუალობა აუცილებელია მოსწავლეებთან. ბავშვი პედაგოგის დამოკიდებულებას ყოველთვის ამჩნევს.
ქეთევან ბაჩილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის დირექტორი:
ისეთი კარგი ადამიანი იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, რომ არასდროს დამავიწყდება. ყველა კარგი თვისებით შემკული გახლდათ ის - მასწავლებლისა და ადამიანობის ეტალონი. მან სიყვარული ჩამინერგა მასწავლებლის პროფესიისადმი. როცა გაკვეთილს ვატარებდი თავიდან სულ თვალწინ მიდგა ხოლმე და ვფიქრობდი როგორ მოიქცეოდა ამა თუ ის სიტუაციაში. საოცარი მიდგომები ჰქონდა ბავშვებთან, დედაშვილური. მეც ანალოგიურად, მის მაგალითზე ვცდილობ, ბავშვებთან უშუალო და მეგობრული, სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა მქონდეს.