ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კომისიის 2024 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პირველი ობჩის საჯარო სკოლამ გაიარა სრული ავტორიზაცია მონიტორინგის გარეშე.
სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს.
„პირველი ობჩის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება როგორც ყოველთვის დღესაც ამაყია... მაღალი პასუხისმგებლობით, დაუღალავი შრომით და ერთმანეთის გვერდით დგომით წარმატებით დასრულდა ხანგრძლივი, რთული და საინტერესო პროცესი. პირველი ობჩის საჯარო სკოლას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ავტორიზაცია, მონიტორინგის გარეშე. ეს ყველა ჩვენგანის - პედაგოგების, მოსწავლეების, მშობლების, სკოლის ტექნიკური პერსონალის და დირექციის საერთო გამარჯვებაა.
გილოცავთ ყველას სკოლის წარმატებას და დამსახურებულ სრულ ავტორიზაციას ... “,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომლის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა დაწესებულებაში იდენტიფიცირებული გამოწვევების გადასაჭრელად.