ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის მიზანდასახულ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს შორისაა გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, განათლების აკადემიური დოქტორი თამარ შანიძე - პროფესიონალი პედაგოგი, რომელიც მუდმივად მზადაა თავისი პედაგოგიური პრაქტიკა კოლეგებს გაუზიაროს, ღიად ისაუბროს თავის გამოცდილებაზე, გამოკვეთოს პრობლემა და განსაზღვროს მისი გადაჭრის გზები.
ყოველივე ამის ნათელი მაგალითია პედაგოგის სტატია - „აღსაზრდელის პიროვნების ჩამოყალიბება“.
სანამ სტატიას შემოგთავაზებთ, გიზიარებთ რეზიუმეს, სადაც განხლულია ყველა ის საკვანძო საკითხი, რომლის ირგვლივაც დაიწერა სტატია:
„ნაშრომში გამოკვლეულია ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად აღსაზრდელის პიროვნული თავისებურებები. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეყრდნობა ავტორის პედაგოგიური პრაქტიკის და თეორიული მიდგომების ანალიზს, აღწერილია აღსაზრდელის პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო კომპონენტები, დეტალიზებულია თითოეული მათგანი. შესწავლილია სხვადასხვა თეორიების პრაქტიკაში რეალიზების თითოეული დეტალი სხვადასხვა კუთხით, მათგან რომელია ჩვენი განათლების სისტემისათვის მისაღები, რომელია პრობლემური და რატომ.
სტატია შეიცავს არა მხოლოდ თეორიულ საკითხებს და ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიულ ღირებულებებზე, არამედ შერწყმული და გაანალიზებულია სასწავლო გარემოში წამოჭრილი რეალური პრობლემები და დასახულია ავტორის აზრით საკითხების გადაწყვეტის მისეული ხედვა.
საკვანძო სიტყვები: მოსწავლე, სკოლა, გენეტიკა, აღზრდა, სოციალური გარემო, პედაგოგიური პრაქტიკა“.
აქვე, უცვლელად გიზიარებთ სტატიას - „აღსაზრდელის პიროვნების ჩამოყალიბება“
საუკუნეების მანძილზე ევოლუციური განვითარების პარალელურად არაერთი მოსაზრება თუ თეორია ჩამოყალიბდა ადამიანის პიროვნებად ფორმირების შესახებ. აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნულთან დაკავშირებით დღესაც აქტუალურია. პედაგოგიურ სივრცეში დადგენილია, რომ ზოგადად ადამიანის და აღსაზრდელის პიროვნებად ფორმირებას განაპირობებს სამი კომპონენტი: გენეტიკა, აღზრდა და სოციალური გარემო.
ვიდრე გენეტიკის საკითხები სიღრმსეულად დამუშავდებოდა და ნატივისტური თეორიის მიხედვით ადამიანის პიროვნებად ჩამომაყალიბებელ ფაქტორად გენეტიკა დასახელდებოდა, მისი გავლენა პიროვნების მაფორმირებელ საკითხად ბუნდოვნად მოიაზრებოდა. წლების შემდეგ ცდებისა და ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ ადამიანის გენეტიკა მოიცავდა არაერთ გენომს, რომელიც ატარებდა უნარებსა და გამოცდილებებს, რაც შემდეგ თაობებში ვლინდებოდა ან არ ვლინდებოდა. პედაგოგიკურ მეცნიერებაში გერმანელმა მეცნიერმა შტერნმა განმარტა, რომ გენომი ეს არის ის ცოდნა ან გამოცდილება, რომელიც შეიქმნა სრულიად არაკანონზომიერად, სპონტანურად ადამიანთა წინაპრების ადამიანური ცხოვრების პირობებში და ელოდება სათანადო გარემოსა და სიტუაციას მისი სრული რეალიზებისათვის. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილებები დაგროვილი გენომში პოტენციური ძალების სახით არსებობს ჩვენში და ელოდება საჭირო დროსა და გარემოებას რეალურად ქმედებებად გარდასაქმნელად.
საუკუნეებისა და ათასწლეულების გამოწვევების პარალელურად ცხოვრებისეული მოთხოვნები იცვლება და სრულიად სხვა საჭიროებები იჭერს მათ ადგილს. ამდენად, ყოველთვის მიდის ღირებულებათა გადაფასების პროცესი. შესაბამისად, ახალი ღირებულებები გენომის შემადგენლობაში სხვა გამოცდილებებს ქმნის და ემზადება მათი ქცევად გარდაქმნისთვის. თუმცა შესაძლებელია ამ გენომის მიღმა მან სხვა გამოცდილებებიც ბევრი შეიძინოს, რომელიც აქამდე მის გენეტიკურ ფონდში არ ჰქონდა და ახალი ცოდნის სახით დამკვიდრდეს.
თუ გადავხედავთ ჩვენს ირგვლივ ყოფით ცხოვრებას, ბევრს აღმოვაჩენთ ისეთს, რომელთა წინაპარი რაიმე განსაკუთრებული ნიჭის მფლობელი არ ყოფილა იმ რომელიმე მეცნიერული მიმართულებით, რომელსაც აღსაზრდელი თვითონ ავლენს. მაშინ ეს მოვლენა როგორ შეიძლება აიხსნას? რამ განაპირობა მასში ეს განსაკუთრებული ნიჭი?
ინტელექტის შესახებ ჰოვარდ გარდნერის თეორიული მოსაზრების მიხედვით ადამიანი რვა სახის ინტელექტით იბადება და იშვიათად დაჰყვება მეცხრე- ეგზისტენციალური ინტელექტიც. ინტელექტი როგორ გავიგოთ ასეთ დროს? ინტელექტი ეს არის ამა თუ იმ ქცევის განხორციელების უნარი, შესაძლებლობა. ამდენად, ეს უნარი სრულიად არაკანონზომიერად არსებობდა კაცობრიობის გენში, რომელიც განსაკუთრებული ნიჭის სახით გამოვლინდა.
ამიტომ უპრიანია თუ აღსაზრდელებს სხვადასხვა ინტელექტის შემცველ სასწავლო-საგანმანათლებლო შინაარსსა თუ გარემოს შევთავაზებთ. ასეთ დროს მათ ეძლევათ შანსი ყველაზე დიდი პოტენციური ძალის მქონე უნარები მოიძიოს თავის თავში და შეძლოს მისი გამოვლენა.
მეცნიერული ცდებით დადასტურებულია, რომ ადამიანის პიროვნებად ფორმიერებაში მონაწილეობს ასევე სოციალური გარემო, რომელსაც ემპირიზმის მიმდევრები და მათ შორის ჯონ ლოკი მიიჩნევს ადამიანური თვისებების მაფორმირებელ ფაქტორად და სხვა კომპონენტებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. ამ თეორიული პრინციპების ნაკლი სწორედ ის არის რომ გენეტიკა ნაკლებადაა გათვალისწინებული მომავალ საქმიანობაში და თვლიან, რომ ექიმის შვილი აუცილებლად ექიმი, ხოლო დიდი ფინანსური კაპიტალის მქონე ოჯახის შვილები აუცილებლად ეკონომიკური და ბიზნესის ცოდნით გამორჩეულები უნდა იყვნენ, რადგან მათი ეს საჭიროება მათსავე მდგომარეობითაა გამოწვეული. თუ დავაკვირდებით აქ ნიჭისა და შესაძლებლობების თავისუფლება არ სჩანს, უფრო წამოწეულია ოჯახის მოთხოვნები და საჭიროებები. თუმცა, ემპირიზმს ერთი დადებითი თავისებურება აქვს. ამ თეორიის მიხედვით ადამიანის პიროვნული თავისებურებების ფორმირებას განაპირობებს გარემო, სადაც აღსაზრდელს უწევს ცხოვრება, სწავლა, თამაში, დასვენება და ა.შ. პედაგოგები იოლად ვამჩნევთ აღსაზრდელებს იმ გარემო-პირობების გავლენას, რაშიც მათ უწევთ თანაცხოვრება, რადგან ისინი მათ ყველა ნაბიჯზე, ქცევასა თუ საუბარში, დამოკიდებულებებსა თუ ურთიერთობებში ავლენენ. ხშირად ვიყენებთ გამონათქვამს ,,ბავშვი ოჯახის სარკეა“ ამდენად, ირეკლება ოჯახური ღირებულებები, დამოკიდებულებები და ხასიათი. ხშირად ეს დამოკიდებულებები წინააღმდეგობაში მოდის სააღმზრდელო დაწესებულებაში დამკვიდრებულ ქცევის ნორმებთან, აღსაზრდელთა ვალდებულებებთან რასაც ისინი ხშირ შემთხვევაში აგრესიით პასუხობენ ან აღმზრდელის რჩევის მიმართ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ავლენენ. თუმცა, ამის მიუხედავად, პედაგოგთა დიდ უმრავლესობას მიაჩნია, რომ სათანადო სასწავლო გარემოს შექმნა საჭირო ნორმების დაცვით ყველა მოსწავლის სასწავლო გამონწობას ქმნის, ჩართულობის ხარისხი იზრდება და მათი ქცევაც რეგულირდება.
იქ სადაც აღსაზრდელს მეტი დროის გატარება უწევს, ბუნებრივია, იმ გარემოსგან ის უფრო მეტს იღებს, ვიდრე იმ გარემოსგან, სადაც ნაკლებ დროს ატარებს. შესაბამისად, ბავშვის აღზრდაზე გავლენას ახდენს ოჯახი, სკოლა და ის ადგილები, სადაც მათ მეტი ინტენსივობით უწევთ ყოფნა.
ხშირია შემთხვევები, როცა აღსაზრდელს გარემოებები და თუნდაც გენეტიკური ფონდი ხელს უწყობს ჩამოყალიბდეს წარმატებული და საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი, თუმცა არც ერთი იძლევა ამის საშუალებას და არც მეორე, არც ორივე ერთად აღებული. მაშინ რამ უნდა განაპირობოს მისი პიროვნული ღირებულებების ფორმირება? ამდენად, ვასახელებთ აღზრდის უპირატესობას, დიდაქტიკას და აღზრდის ტექნიკა- მიდგომებს.
აღმზრდელობით მიდგომებს დიდი ხსნის ისტორია აქვს და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაა დაგროვებული. წლების წინ აქტუალური იყო ბიჰევიორისტული მიდგომები, რაც აღსაზრდელის სასწავლო სურვილსა და ნებას ნაკლებად ითვალისწინებდა და ემსახურებოდა აღმზრდელის მიერ სასწავლო შინაარსის გადაცემისათვის საჭირო მიდგომებს, ისე, რომ მისი პოზიცია ქცევის განმტკიცებასაც და დასჯასაც მოიცავდა. შესაბამისად, ამ თეორიის მიხედვით არსებობს დადებითი დასჯა, უარყოფითი დასჯა, დადებითი განმტკიცება და უარყოფითი განმტკიცება. პედაგოგი ამათგან თავად ირჩევდა ან ირჩევს საჭირო მიდგომას და ასე გადასცემდა და გადასცემს სასწავლო შინაარსს.
თანამედროვე პედაგოგიკაში ბიჰევიორისტული მიდგომები იშვიათად გამოიყენება, რადგან ეს თეორია ნაკლებად ითვალისწინებს ბავშვის მისწრაფებას და მის სურვილებს სასწავლო პროცესში. ამდენად, აქტუალურია ჰუმანისტური მიდგომები, სადაც აღსაზრდელის არჩევანს დიდი უპირატესობა აქვს. თავად აღსაზრდელი იჩევს სასწავლო შინაარსს და სასწავლო მიდგომებიდან იმას, რაც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ასეთ მიდგომებს თანამედროვე სწავლებაში ის უარყოფითი მახასიათებელი აქვს, რომ საგნის ან მიდგომის სიმარტივიდან გამომდინარე მოსწავლე აკეთებს არჩევანს იმაზე რაც ყველაზე იოლად დასაძლევია, თუმცა მისთვის ნაკლებად გამოსადეგი.
აღმზრდელის მიდგომებშიც გამოირჩევა სხვადასხვა სტილი, ესენია ავტორიტეტული, ავტორიტარული და ლიბერალური. თანამედროვე სასწავლო სივრცეში ყველაზე აქტუალურია ლიბერალური სააღმზრდელო მიდგომები, რაც აღსაზრდელის არჩევანისა და სურვილების მიმართ უპირატესობას გულისხმობს.
მიმაჩნია, რომ ამ მიდგომათაგან რომელიმე ერთი მხოლოდ არ არის პროდუქტიული და მისაღები, საჭიროა მათი სინთეზი და წარსული სააღმზრდელო გამოცდილების გადახედვა აღსაზრდელის საზოგადოების ღირსეულ წევრად, პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის. ვინაიდან სიტყვა პიროვნება, უკვე მოიაზრებს ადამიანში ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ცოდნის ქონას, რომელსაც შეუძლია სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების მიღება და აქვს საკუთარი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნათია ჯანაშია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე განვითარებისა და სწავლის თეორიები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. 2008 წელი. http://old.tpdc.ge/images/stories/pdf/ganvitarswavlteor.pdf
2. ეროვნული სასწავლო გეგმა.
3. ნათელა ვასაძე, პედაგოგიკის ისტორია. თბილისი 2000 წელი.