აქვთ თუ არა დამრიგებლებს ვალდებულება, მშობელთა კრება სასწავლო წლის დაწყებისთანავე ჩაატარონ?
11-09-2024

16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი იწყება და პედაგოგებს მოსწავლეთა მშობლებთან შეხვერა მოუწევთ. თუმცა საინტერესოა, ეს შეხვედრა რა ფორმატით უნდა შედგეს და აქვთ თუ არა კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დასაწყისში კრების ჩატარების ვალდებულება?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერაც დამრიგებელი საჭიროდ ჩათვლის, რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა აუცილებელია და განსახილველია  მოსწავლეთა სასწავლო შედეგები, ქცევა, წარმოჩენილი პრობლემები... იმდენჯერ აქვს უფლება პედაგოგს, მშობელთა კრება მოიწვიოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, „საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია“.

თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვა მშობლის თანდასწრებით საუბარი. იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ, დამრიგებელი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203