რამდენმა აპლიკანტმა ჩააბარა მასწავლებლის გამოცდა წარმატებით 2024 წელს - ამ კითხვაზე პასუხი საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებულ ყველა პირს აინტერესებს. სწორედ ამიტომ etaloni.ge-მ 29 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან აღნიშნული მონაცემების მისაღებად საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, პასუხი კი 9 სექტემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც მივიღეთ და 10 სექტემბერს მატერიალური წერილის სახით გამოგვიგზავნეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს: „თქვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ცენტრის მიერ დამუშავებული არ არის, ამდენად ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა“.
იქიდან გამომდინარე რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი თავად უწევს ორგანიზებას მასწავლებელთა გამოცდებს, თავად ადგენენ ტესტებს, ატარებს გამოცდას, ასწორებს და აქვეყნებს აპლიკანტთა შედეგებს, მოთხოვნილი ინფორმაცია - რამდენმა გამოსაცდელმა გადალახა მინიმალური ბარიერი და წარმატებით, დაძლია საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა თუ საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა ცენტრს აქვს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.
რატომ „მალავს"/არ გვეუბნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა გამოცდის შედგების სტატისტიკას, მაშინ როცა სრულიად გამჭირვალეა თუნდაც აბიტურიენტთა სტატისტიკა, ამაზე ჩვენი მოსაზრებებით თავს არ შეგაწყენთ და დასკვნის გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. თუმცა გეტყვით, ბოლო მონაცემები მასწავლებელთა გამოცდების სტატისტიკასთან დაკავშირებით naec-მა 2022 წელს გამოაქვეყნა. მაშინ გამოცდაზე 15025 აპლიკანტიდან გამოცდა წარმატებით მხოლოდ 3018-მა ჩააბარა, ხოლო 11 917-მა გამოსაცდელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. მასწავლებელთა გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით ეს იყო ბოლო მონაცემი, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, მას შემდეგ naec აღნიშნულ სტატისტიკას მოთხოვნის მიუხედავად აღარ ასაჯაროებს. იმასაც გეტყვით რომ წელს მასწავლებელთა გამოცდებზე 18 900-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული.
აქვე გთავაზობთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ მოწერილ სრულ წერილს: