ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებმა წინა წლების ტრადიცია არ დაარღვიეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ყველამ წარმატებით ჩააბარა და სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხა.
დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს აქტიურად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი მათი წარმატებით ხარობენ. კურსდამთავრებულები კი პედაგოგთა ამაგს აფასებენ და მათ ღვაწლს არასდროს ივიწყებენ. ახლახან, სკოლაში აღზრდილებისგან სამადლობელი წერილი მიიღეს.
„სასიხარულო და ამაღელვებელი წერილი მივიღეთ სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა გასულ კვირას ჩვენი მოსწავლეებისგან, ახლა უკვე სტუდენტებისგან: „ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენ ჩვენთვის გააკეთეთ ამ წლების განმავლობაში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ დღეს, ჩვენ, უკვე სტუდენტები ვართ. მადლობა და გვიყვარხართ“,- ასე ლამაზად გადაგვიხადეს მადლობა ჩვენმა კურსდამთავრებულებმა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახალგაზრდების მადლობის წერილს გვიზიარებენ.
სიამაყით განმსჭვალული პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავენ, სჯერათ, მათი მომავალი წარმატების და კურსდამთავრებულთა აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან.
„ჩვენი სკოლის გუნდი ვულოცავთ ჩვენს გოგო-ბიჭებს სტუდენტობას. ვუსურვებთ, ლამაზ, შინაარსიან და წარმატებულ სტუდენტობას. გვინდა, ღირსეულად იაროთ ცხოვრების გზაზე, მიაღწიოთ დასახულ მიზანს თქვენი ოჯახის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ისევ აქ ვართ. არსებობს თბილი ოჯახი - სახელად გუდაურის სკოლა, სადაც ისევ დაგელოდებით, თუ დაგჭირდებათ, სადაც სიხარულით ვუგულშემატკივრებთ თქვენს ღირსეულ საქმეებს. გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით“,- ვკითხულობთ პედაგოგ ნაირა აფციაურის სკოლის სახელით გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: