12-13 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციას - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ მასპინძლობს.
KIU-ში კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თეა იმედაძემ.
კონფერენციაში უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორები, გერმანიის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების, მათ შორის: იულიხის კვლევითი ცენტრის, დრეზდენ-როზენდორფის ჰელმჰოლცის ცენტრის, GSI დარმშდატის მძიმე იონების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტის განვითარების მნიშვნელობას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ეწყობა.
ორი დღის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: ნეირომეცნიერება, კიბოს დიაგნოსტიკა და მკურნალობა, პროტონული თერაპია, რადიოლოგია და ბიოსამედიცინო იმიჯინგი.
2024 წლის კონფერენცია „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ საქართველოში ხუთი დღის განმავლობაში ტარდება. მე-9 ქართულ-გერმანულ სკოლასა და სემინარს ფუნდამენტურ მეცნიერებაში (GGSWBS) იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრი (FZJ) მართავს ქართულ პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად (KIU, აგრუნი, ილიაუნი, სტუ და თსუ), მჭიდრო კოორდინაციით დრეზდენ-როსენდორფის ჰელმჰოლცის (HZDR) და დარმშტადტის ჰელპმოლცის ცენტრებთან ერთად (GSI). მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები საჯარო ლექციებს ატარებენ ნეირომეცნიერების, სიმსივნის მკურნალობის, პროტონული თერაპიის, რადიოლოგიისა და ბიოსამედიცინო იმიჯინგის მიმართულებებით.
ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი (GGSB) დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: 1. განათლება (საგანმანათლებლო პროგრამები ქართველი სტუდენტებისთვის ტარდება სხვადასხვა სტაჟირების პროგრამების სახით იულიხში და ბლოკ-ლექციების სახით საქართველოში); 2. კვლევა (ქართველი სტუდენტები თავიანთ ქართველ ხელმძღვანელებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი სამაგისტრო და სადოქტორო პროექტების მრავალფეროვან საერთო კვლევებში); 3. ცოდნის ტრანსფერი (ახალგაზრდა, კარგად მომზადებული ქართველი მეცნიერების რეინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტების სტრუქტურებში ე.წ. SMART|Lab-ების შექმნით). გერმანია და საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ შესაძლებლობას - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეშვეობით) შეიქმნა ორი SMART|ლაბორატორია - ბირთვული ფიზიკის (SMART|EDM_Lab) და ატმოსფერული ქიმიის & მოდელირების (SMART|AtmoSim_Lab); იულიხმა ლაბორატორიებს მიაწოდა სამეცნიერო აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge