2024-2025 სასწავლო წელი მალე დაიწყება და საგანმანათლებლო სფეროში სწავლისწინა მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ნაწილდება საათები, წესრიგდება ადამინისტრაციული, საორგანიზაციო თუ ტექნიკური საკითხები, ფორმდება ხელშეკრულებები ახალ კადრებთან, მოსწავლეებთან თუ მშობლებთან... სწორედ აქედან გამომდინარე გთავაზობთ საქართველოს კანონმდებლობაში გაწერილ იმ ქმედებათა ჩამონათვალს, რომელის სკოლების მიერ დაუშვებლად ითვლება.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი ის ქმედებები, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაუშვებელია. აკრზალულ ქმედებებს შორისაა სასწავლო პროცესის პოლიტიზირება, რელიგიური ინდოქტრინაცია, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ა.შ. უფრო კონკრეტულად:
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.
3. დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.
4. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.
5. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
7. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.