ქუთაისის N19 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
ჯადოსნურად მორთულმა სასკოლო გარემომ თითოეულ მოსწავლეზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებულად პირველკლასელთა მისაღებად მოემზადნენ. მათ სასკოლო მერხებზე კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და ბუშტები დახვდათ.
სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს. იგი პირველკლასელთა მშობლებს ნდობისთვის მადლობას უხდის და ჰპირდება, რომ პედაგოგები მათ იმედებს აუცილებლად გაამართლებენ.
„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო, კოლეგებო! გილოცავთ 2024-2025 სასწავლო წლის დადგომას. ეს დღე ყოველთვის სავსეა დიდი მღელვარებითა და ემოციებით, რაც დადებითად გვმუხტავს და შემართებას გვმატებს. შემართებას, რომელმაც უნდა დაგვაძლევინოს ყველა დაბრკოლება, რათა შევძლოთ ცოდნის მწვერვალების დაპყრობა. ერთგულ მეგზურად გვიგულეთ თქვენს გვერდით ცოდნის რთულ, მაგრამ საინტერესო გზებზე მოგზაურობისას. განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელებისათვის. მივმართავთ მათ მშობლებს - ჩვენო ძვირფასებო, არასოდეს ინანებთ, რომ თქვენი შვილების ღირსეული მომავლის საფუძვლის ჩაყრა ანდეთ სკოლას, რომელიც 125 წლის ისტორიას ითვლის. გვერწმუნეთ, პატარა ყლორტებს დიდი სიყვარულით ვუპატრონებთ და ჩვენ მიერ საზრდოდ მიცემული სწავლა-განათლება მათ ფესვმაგარ მუხებად აქცევს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სადიდებლად იშრიალებენ.
გვიყვარხართ და დიდი შემართებით ვიწყებთ“,- წერს სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე.
იხილეთ ფოტოები: