გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სწავლის დაწყებისთვის სკოლის დირექცია და პედაგოგები დიდი მონდომებითა და ხალისით ემზადებოდნენ. მათ ძალები არ დაიშურეს იმისთვის, რომ ეს დღე თითოეული მოსწავლისთვის დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე ყოფილიყო.
სწავლის დაწყებამდე კი დირექციამ ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წელი შემდეგნაირად მიულოცა - „ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით 16 სექტემბერს თქვენს მშობლიურ სკოლაში!
ჩვენო პირველკლასელებო, თქვენთვის კი დაირეკება პირველი ზარი, რომელიც მაუწყებელი იქნება იმ ლამაზი, საინტერესო და დაუვიწყარი თავგადასავალის, რომელიც სკოლის კედლებში გელოდებათ . მოუთმენლად გელით“.