ბათუმის N10 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი აღნიშნეს
08-06-2018
ბათუმის N10 საჯარო სკოლის 43 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს მასშტაბური ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობაში ეროვნული თვითშეგნების ამაღლება-გამდიდრება და აგრეთვე, მათში პატრიოტული სულისკვეთების კიდევ უფრო მეტად აღმოცენება.
ღონისძიებას სკოლის დირექცია, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
„მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმი. თითოეულ მათგანს კარგად ჰქონდა გააზრებული ქართველი ერის გმირობა, თუ როგორი ბრძოლით, სისხლისღვრითა და თავდადებით მოვედით დღემდე და თუ რას ნიშნავს თითოეული ქართველისათვის ჩვენი ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები, ცეკვები და სიმღერები წარმოადგინეს, დადგეს ინსცენირება ილია ჭავჭავაძის პოემიდან „ქართვლის დედა“.
მოსწავლეთა შემოქმედება სკოლის დირექტორმა დავით ეცადეიშვილმა, დირექტორის მოადგილემ ხათუნა დოლიძემ, კლასის ხელმძღვანელმა ნატალია ჩხარტიშვილმა და სხვა პედაგოგებმა და მშობლებმა შეაფასეს.