საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყო. ტრადიციისამებრ სკოლაში პირველკლასელთა მიღების ცერემონიალი გაიმართა.
მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა მიულოცა. მან ამ დღეს N6 საჯარო სკოლაში ქიმიის პედაგოგის - ცისანა ქოქოსაძის თაოსნობით დაარსებული ეკოკლუბის - „21-ე საუკუნე“ მონაწილეებს გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის, სიგელები და საჩუქრები გადასცა. კლუბმა საკუთარი საქმიანობით შეძლო ნახევარფინალურ ტურში გადასვლა, რაც სკოლაში ახარებთ.
სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პირველკლასელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა, რომელიც ამ დღეს სკოლას სტუმრობდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სხვა წარმომადგენლები და ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია.
სწავლის დაწყების პირველ დღეს სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა და ეროვნული დროშა მეთორმეტე კლასელებმა აღმართეს.
სკოლის დირექცია სასწავლო პროცესის განახლებას მოსწავლე-მასწავლებლებს კიდევ ერთხელ ულოცავს.
„სკოლის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაბიჯეს მეექვსე საჯარო სკოლის კედლებში! დარწმუნებული ვართ, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება სიახლეებით საინტერესო, მრავალფეროვანი გამოწვევებით მდიდარი, მოსწავლეთათვის განმავითარებელი და ცოდნის შესაძენად ნაყოფიერი“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: