ჭვინთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, თამაზ გელაშვილის იუბილე აღნიშნეს
08-06-2018
ჭვინთის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის, თამაზ გელაშვილის დაბადებიდან 75 და პედაგოგიური მოღვაწეობიდან 50 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
მოწვეული სტუმრები გახლდნენ: ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე, რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი თამარ ებრალიძე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, ამავე უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის საჯარო სკოლის დირექტორი გიული ყიფიანი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კობა სანდროშვილი.
ღონისძიება ჭვინთის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი გაგნიძემ გახსნა. იგი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მათ სტუმრები წარუდგინა. მანვე საზოგადოებას თამაზ გელაშვილის მიერ განვლილი ცხოვრების გზა გააცნო და სკოლის სახელით სამაგიდო „ვეფხისტყაოსანი“ საჩუქარად გადასცა.
ასევე, იუბილარს მიესალმენ და საჩუქრები გადასცეს სერგო ვარდოსანიძემ, ტარიელ ფუტკარაძემ, კობა სანდროშვილმა და გიული ყიფიანმა, ხოლო ხათუნა ხმალაძემ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მადლობის წერილი წაიკითხა.
მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის, მანანა ჩინჩალაძის ორგანიზებით ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
ღონისძიებამ ძალიან თბილ, სიყვარულით და პატივისცემით გამსჭვალულ ატმოსფეროში ჩაიარა. იგი სკოლის მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ ერთობლივად შესრულებული „მრავალჟამიერით“ დასრულდა. იხილეთ ფოტოები და ვიდეო