ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგი - ივანე გოქაძე მათემატიკას მას შემდეგ ასწავლის, რაც სრულწლოვანი გახდა. თავდაპირველად, იგი მოსწავლეებს კერძოდ ამზადებდა, დიპლომის აღების შემდეგ კი, საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.
ახლა ორ სკოლაში მუშაობს, აქედან ერთი საჯაროა, მეორე კი კერძო. მას სკოლის მიღმაც საკმაოდ შთამბეჭდავი კარიერა აქვს - მათემატიკაში საქართველოს გოგონათა ნაკრების მწვრთნელია და მათ ინტენსიურად ამზადებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ივანე გოქაძემ წელს მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოში გამართვის ნებართვა მოიპოვა. როგორც თვითონ ამბობს, ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან მანამდე ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა. ფორუმის ფარგლებში, რომელიც წყალტუბოში მოეწყო, საქართველოს 55-მდე ქვეყნის 500-მდე სტუმარი ეწვია.
როგორც აღმოჩნდა, არაერთი ჯილდოსა და მიღწევის მქონე პედაგოგი მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ორივე სკოლამ წარადგინა. ის etaloni.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავს კონკურსში მონაწილეობა მისთვის დიდი პატივი იყო.
ივანე გოქაძემ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ჩვენთან ვრცლად ისაუბრა.
- პირველ რიგში, საინტერესოა, რამდენი ხანია, რაც მასწავლებელი ხართ?
- ვასწავლი მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი - 2006 წლიდან. თავიდან, სხვადასხვა წრე მქონდა და მოსწავლეებს ვამზადებდი. ოფიციალურად საქმიანობა მას შემდეგ დავიწყე, რაც დიპლომი ავიღე. ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში კი 2009 წლიდან ვმუშაობ. 10-15 წელია, რაც საოლიმპიადო საქმეში ვარ ჩართული და მოსწავლეებს ვამეცადინებ, მსოფლიო ოლიმპიადისთვის ვამზადებ.
- რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, ვინ წარგადგინათ?
- მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლამ და კერძო სკოლამ წარმადგინა. მე ორივეგან ვასწავლი. ჩემი აზრით, ყველასთვის ძალიან სასიამოვნო და პრესტიჟულია, მსგავს მასშტაბურ პროექტში რომ გამოგარჩევენ. ეს, რა თქმა უნდა, დამატებით პასუხისმგებლობაა - კოლეგებთან, მოსწავლეებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობისას უფრო მეტად მობილიზებული უნდა იყო და მეტიც მოგეთხოვება.
- დაჯილდოების დღეს როგორი განწყობა გქონდათ, ელოდით, რჩეულ ათეულში დასახელებას?
- დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ყველა მათგანი ღირსეულია, რადგან სკოლა როდესაც კანდიდატს წარადგენს, ცდილობენ, საუკეთესო ან საუკეთესოთაგან ერთ-ერთი შეარჩიონ, რომელსაც შანსი ექნება, რომ ათეულში მოხვდეს. შესაბამისად, როდესაც ასეთ კონკურსში მონაწილეობ, ჯერ პატივია, რადგან სკოლა გაფასებს. საბოლოოდ, ფინალში გახვალ და ათეულში მოხვდები თუ არა, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ გეცოდინება. ამაზე არც შეიძლება რომ გული დაგწყდეს. მიზეზი მარტივია - დარწმუნებული ვარ, იქ შეკრებილ თითოეულ ადამიანს ისეთი ისტორია ექნებოდა, რომ გამოეცხადებინათ, გამარჯვებული რომელიმე X პიროვნებააო და მის შესახებ მოეყოლათ, პრეტენზია ვერავის ვერ ექნებოდა.
იქ რომ ხარ, რაღაც მომენტში, ალბათ, ყველა ელოდება, რომ მას გამოაცხადებენ, არ დაგიმალავთ, მათ შორის მეც ვიყავი.
- ვიცით, რომ სკოლაში მათემატიკას ასწავლით, საოლიმპიადო სფეროც ახსენეთ. თუ შეიძლება, მეტი მოგვიყევით თქვენი პროფესიული საქმიანობის შესახებ…
- ზოგადად, 2024 წელი ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, სხვადასხვა კუთხით, ძალიან წარმატებული გამოდგა. დავიწყოთ იმით, რომ 2024 წლის იანვარში მასწავლებლებს შორის, მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩატარდა, რომელშიც სულ 200 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის, მეც ვიყავი და ოქროს მედალი მივიღე. ქართველებს შორის პირველ ადგილზე გავედი. ეს ერთგვარად, პროფესიული დონის დადასტურება იყო.
წლებია, საქართველოს გოგონათა ნაკრების მწვრთნელი ვარ და საქართველოში აღნიშნული ოლიმპიადის ჩატარების უფლება მოვიპოვე. ჩვენს ქვეყანაში აქამდე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა არ ჩატარებულა და წელს, ფაქტობრივად, მე ვიყავი ამ საქმის მთავარი ორგანიზატორი. ღონისძიება წყალტუბოში, 11-17 აპრილს გამართა. ჩვენს ქვეყანას კი 55-მდე ქვეყნის 500-მდე სტუმარი ეწვია.
ეს იყო უდიდესი ფორუმი, ისტორიული და უპრეცედენტო მოვლენა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა აქამდე არასოდეს ჩატარებულა.
გარდა ამისა, ადრე „ტელესკოლის“ ონლაინ ოლიმპიადაში ვიყავი ჩართული, რომელიც ჩემი და კოლეგის - კოტე კუპატაძის პროექტია. მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეებს უფასო ონლაინ ოლიმპიადას ვუტარებდით. ეს პროექტი ძალიან მასშტაბური იყო.
ასევე, სხვადასხვა წლებში, ოლიმპიადებში, როგორც მონაწილე, ვიმარჯვებდი და პლუს ამას, ჩემი მოსწავლეებიც ნაკრების წევრები ბევრჯერ გამხდარან, მედალიც აუღიათ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაემატა და შეიკრიბა. ამ საქმიანობამ მიმიყვანა იმ შედეგამდე, სადამდეც მივედი.
- როგორი რეაქცია ჰქონდათ თქვენს მოსწავლეებს მას შემდეგ, რაც ათეულში დაგასახელეს?
- ალბათ, საამაყოა, რადგან სკოლა რაც დაიწყო, ბევრმა მათგანმა მომილოცა. მშობლები მირეკავენ, მოსწავლეები უფრო სოციალურ ქსელებში მილოცავენ. მე რომ მათ ადგილას ვიყო და პრემიას ჩემი მასწავლებელი იღებდეს, ვიამაყებდი. ალბათ, ყველასთვის თუ არა, უმრავლესობისთვის მაინც სასიხარულოა, როცა შენი პედაგოგი ვიღაცამ გამორჩეულად ჩათვალა.
- სპეციალურ სამკერდე ნიშანთან ერთად, თანხაც გადმოგეცათ - 10 000 ლარის ოდენობით, თუ საიდუმლო არ არის, რაში აპირებთ მის დახარჯვას?
- სამკერდე ნიშანი მივიღეთ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ფულად ჯილდოს რაც შეეხება, თავიდან ბოლომდე მათემატიკაში ვარ ჩაფლული. საქართველოში ვინც ამ სფეროსთან კავშირშია, მისთვის ჩემი სახელი და გვარი მეტ-ნაკლებად ნაცნობია. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული - ამას ვგრძნობ და ვაანალიზებ. მაგალითად, მე მაქვს აბიტურიენტების კრებული, თავისი შემაჯამებლებით, დავალებებით. ეს კრებული სხვადასხვა ჯგუფში საჩუქრად ავტვირთე - ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველას გავუზიარე. ანალოგიურად, იმ თანხასაც, საგანმანათლებლო კუთხით მივმართავ. ასევე, 3 პატარა შვილი მყავს და ცხადია, მათაც რაღაც სიმბოლური საჩუქრები შეხვდებათ.