ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში წელს ორი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
პედაგოგების - გუგული ანანიძის და ნანა შარაძის პროექტებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ გაიმარჯვეს და დაფინანსება მოიპოვეს.
19 სექტემბერს, სკოლაში გამარჯვებული პროექტების პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
პრეზენტაციები წარადგინეს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა გუგული ანანიძემ სახელწოდებით - „მდგრადი განვითარების მათემატიკური მოდელები“ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ნანა შარაძემ სახელწოდებით - „მდგრადი განვითარება საქართველოსთვის და სასკოლო სასწავლო მხატვრული ლიტერატურა“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მიწვეული სტუმარი - ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სულიკო ბოლქვაძე.
შეხვედრის მიმდინარეობისას პედაგოგებმა ამომწურავად ისაუბრეს იმ მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებსაც პროექტის ფარგლებში განახორციელებენ.
იხილეთ ფოტოები: