ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი - ნანი კირკიტაძე 25 წელია, რაც ამ პროფესიას ერთგულად ემსახურება. მისი ხელმძღვანელობით, ახალგაზრდებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ და გამარჯვებისას, საქართველოს დროშა აღუმართავთ.
ნანი კირკიტაძე რომ მართლაც გამორჩეული პიროვნებაა, ამაზე სხვადასხვა ფაქტი მეტყველებს. მათ შორის ის, რომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელია, მე-9 წელია მისი სახელობის ტურნირი ტარდება, ასევე, წლის საუკეთესო მასწავლებლისა და საუკეთესო მწვრთნელის წოდებასაც ატარებს. ახლა კი, 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელთა შორის დასახელდა.
როგორც პედაგოგი etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია, რომ რჩეულ ათეულში მოხვდებოდა - მისთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო. მეტიც, დაჯილდოების ცერემონიიდან წასვლა ეჩქარებოდა, რადგან ბორჯომში სპორტსმენები ელოდებოდნენ.
სპორტის მასწავლებელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და ისიც გაგვიმხილა, თუ რაში აპირებს 10 ათასი ლარის დახარჯვას.
- თავდაპირველად, თქვენს პროფესიაზე უნდა გკითხოთ - შეიძლება ითქვას, რომ სკოლებში ნაკლებად არიან ქალი პედაგოგები, რომლებიც სპორტს ასწავლიან. თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცხოვრება ამ საქმიანობისთვის დაგეკავშირებინათ?
- ჩემი ოჯახი ძალიან სპორტული იყო, ჩემი ძმებიც სპორტსმენები იყვნენ. მე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზკულტურის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩვენი სკოლის ყოფილი დირექტორი ჩემი მეზობელი იყო და იცოდა, რომ სპორტული მონაცემები მქონდა. რადგან სკოლაში სპორტის პედაგოგი არ ჰყავდათ, ქალბატონმა მერი გოგოლიშვილმა სამუშაოდ სტუდენტი ამიყვანა. ჩემი მოღვაწეობა აქედან დაიწყო და უკვე 25 წელია მასწავლებელი ვარ. ჩემი დევიზი ყოველთვის იყო, რომ ყველა ჩემი მოსწავლე წარმატებული უნდა იყოს.
- ახლა რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნულ პრემიას, ვინ წარგადგინათ კონკურსზე?
- აღნიშნულ პრემიაზე ხელვაჩაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა წარმადგინა. წლებია მასწავლებელი ვარ, წარმატებული მოსწავლეები მყავს. ისინი სხვადასხვა სასკოლო, საოლიმპიადო, მუნიციპალურ თუ რეგიონულ შეჯიბრებაში ერთვებიან და ხშირად სხვადასხვა სახეობაში იმარჯვებენ. მე, პარალელურად, ძიუდოსა და სამბოს მთავარ მწვრთნელად ვმუშაობ. სკოლას დღესდღეობით, მოქმედი მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს პრიზიორები და ჩემპიონები ჰყავს. საერთოდ არ ვიცოდი, თუ ჯილდოზე უნდა წარვედგინე. მეორე დღეს თურქეთში, შეჯიბრებაზე უნდა წავსულიყავი, როდესაც მითხრეს, რაღაც ფორმააო შესავსები.
- რა წინასწარი განწყობა და მოლოდინი გქონდათ?
- გულწრფელად გეუბნებით, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ათეულში მოვხვდებოდი. დაჯილდოების ცერემონიაზე რომ მიმიწვიეს, ბორჯომში მივდიოდი, სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვამზადებთ. იმდენად არ ველოდი ამასაც, რომ მხოლოდ სპორტული სამოსით ვიყავი წამოსული. თანაც, შევიცხადე, მე ათეულში ვინ მომახვედრებს-მეთქი, გამორიცხული მეგონა. მერე ვიფიქრე, რადგან მიწვეული ვიყავი, მივსულიყავი. ბათუმიდან ჩემი და მოდიოდა, ტანსაცმელი მან წამომიღო. დაჯილდოებაზე მივედი, მაგრამ რადგან სპორტსმენები ბორჯომში დავტოვე, ერთი სული მქონდა, ცერემონია როდის დასრულდებოდა, ისევ იქ რომ წავსულიყავი.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ათეულში დასახელება თქვენთვის მოულოდნელი უნდა ყოფილიყო...
- ჩემ გვერდით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი იჯდა, რომელმაც მითხრა, შენ გამოგაცხადესო. მაშინ გამოვფხიზლდი და სცენაზე ავედი. წამითაც კი არ მიფიქრია, რომ გავიმარჯვებდი.
საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ბავშვებისთვის ბევრი სასიკეთო საქმე მიკეთებია. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ვარ, მე-9 წელია ჩემი სახელობის ტურნირი ტარდება, წლის საუკეთესო მასწავლებლისა და საუკეთესო მწვრთნელის წოდებაც მიმიღია. თუმცა, დღესაც არ მჯერა, რომ ათეულში მოვხვდი. ყველა წოდების მიუხედავად, მე ერთი უბრალო ქალბატონი ვარ, რომელიც ხალხსა და საქართველოს ემსახურება.
როდესაც გამომაცხადეს, მეც ხომ გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ რატომღაც საზოგადოებაც გაკვირვებული იყო. ზოგიერთ ადამიანს სპორტსმენებზე არასწორი შეხედულება აქვს. ალბათ, ამიტომ უკვირდათ, სპორტის მასწავლებელმა როგორ გაიმარჯვაო. ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანისგან ვიგრძენი, ზოგადად კი, გარშემომყოფებს ძალიან გაუხარდათ. ისინი მილოცავდნენ, უდიდესი სითბო გამოხატეს, მეფერებოდნენ და მეხვეოდნენ.
- რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ამ წარმატებას?
- ათეულში მოხვედრამ მოტივაცია უფრო ამიმაღლა. ახლა კიდევ უფრო მეტი დატვირთვით უნდა ვიმუშაო, რადგან რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქალბატონ ხათუნას და ჩემი სკოლის დირექტორს - ტარიელ მიქელაძეს ჩემი სჯეროდათ. არ მინდა, რომ მათ იმედები გავუცრუო. მოსწავლეები უნდა ვავარჯიშო, რომ ჩემზე უკეთესები და ძლიერები გაიზარდონ.
- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებისთვის მამოტივირებელია, როდესაც მათი მასწავლებელი რჩეულთა შორისაა?
- დიახ, ალბათ მართლაც ასეა. მინდა აუცილებლად ვთქვა, რომ პედაგოგობა მიყვარს. ჩვენი სკოლის ეზოში რომ შემოხვიდეთ და ჩემზე ნებისმიერ მოსწავლეს ჰკითხოთ, გეტყვით, რომ მისთვის ძალიან საყვარელი და კარგი მასწავლებელი ვარ. ეს იმიტომ, რომ მეც თითოეულ აქტივობაში ვერთვები და ისე ვასწავლი მათ.
- გაქვთ დაგეგმილი პრემიის თანხას რაში დახარჯავთ?
- ადრე, ჩემმა სპორტსმენებმა როდესაც გაიმარჯვეს, ეკლესიისთვის წმინდა ნიკოლოზის ხატი დავაწერინე. ის დიდი ხანი არ მქონდა მოლოცვილი. ჩვენი სკოლისკენ გზაზე წმინდა გიორგის ეკლესიაა, სადაც შევედი, მოვილოცე, მამაომ დამლოცა. ვნახე, მშენებლობა მიდიოდა და მამაოს ვუთხარი, რომ კომისიის გასაუბრება მქონდა. უბრალოდ ვთქვი, რომ ღმერთი დამეხმარებოდა და მე რაც შემეძლებოდა, ჩემს ეკლესიას დავეხმარებოდი. ასევე, სკოლისთვისაც რა ინვენტარიც იქნება საჭირო, აუცილებლად შევიძენ, რომ უფრო მეტი გვქონდეს.