ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად სკოლის დირექტორი - სონია მეტრეველი და პედაგოგები განსაკუთრებული სიყვარულით მოემზადნენ. მათი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალგაზრდების გახარება და ცოდნის გაღრმავებაა.
აღსანიშნავია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მედეა ქურდაძემ მეხუთე კლასის მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ახალი სასწავლო წელი მასწავლებლებმა სიურპრიზებით დაიწყეს და მათთვის მოსწავლეების გახარება და გაბედნიერება 2024-2025 სასწავლო წელსაც პრიორიტეტულია. ქართული ენისა და ლიტერატურის ახალგაზრდა პედაგოგმა, მედეა ქურდაძემ მეხუთეკლასელებისთვის საჩუქარი - გადაშლილი წიგნების დეკორაცია, საკუთარი ხელით შექმნა.
კლასის კედელს ახლა იმ გადაშლილი წიგნების დეკორაცია ამშვნებს, რომელიც საგულდაგულოდაა გაფორმებული სხვადასხვა ყვავილით.
„ეს კლასი წელს პირველად ავიყვანე. მინდოდა, რამე ორიგინალური, განსხვავებული დამეხვედრებინა ბავშვებისათვის და ამიტომ გადავწყვიტე, წიგნებისგან ამეწყო ეს დეკორაცია, რითაც, ვფიქრობ, გავზრდი ბავშვებში წიგნის მიმართ სიყვარულს. კედელზე გამოკრულია ის წიგნები, რომელთა წაკითხვასაც მომავალში ვაპირებთ. რაც შეეხება ციტატას, რომელიც კედელზე განსაკუთრებულ ადგილას წარმოვაჩინე – „რა კაცია ის, ვინც არ ცდილობს, სამყარო უკეთესი გახადოს”, არის ჩემი საყვარელი ფილმიდან „ზეციური სამეფო” და მინდოდა, რომ მათ ყოველ დღე ენახათ ეს გენიალური ფრაზა. ვფიქრობ, ჩემმა ჩანაფიქრმა გაამრთლა“,- აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება.