საზეიმოდ მორთული სკოლის ეზო, წითელი ხალიჩა, ბუშტებით გაფორმებული საკლასო ოთახები და დიდი ჟრიამული - ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის კარი, წელს 38-მა პირველკლასელმა შეაღო, წითელ ხალიჩაზე საზეიმოდ გავლის შემდეგ, ახალწვეულები დამრიგებლებს გაეცნენ, რომლებიც წიგნიერების დიდი სამყაროში მათ მეგზურებად იქცნენ.
2024-2025 სასწავლო წელს გაიხსნა: წმ.ეფრემ ასურის სახელობის 1-ელი ა კლასი, რომლის დამრიგებელი რუსუდან თეთრაძეა და მთავარანგელოზების სახელობის 1-ელი ბ კლასი, რომელსაც დამრიგებელი - მერი თამაზაშვილი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლის პირველი დღის ღონისძიებას მეუფე ეფრემი დაესწრო, მან მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წინსვლა უსურვა.
„საოცარი დღე იყო, სიხარულითა მადლით სავსე! ღმერთო, გვიმრავლე სიხარული! წელს, ჩვენი სკოლის კარი 38 პირველკლასელმა შემოაღო - ეს უდიდესი სიხარული და პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ძვირფასო მშობლებო! პირველი დღე სკოლაში! პირველად მიუსხდნენ მერხებს!“, - ასე აფასებენ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: