შეაჩერა თუ არა სამინისტრომ სახელმძღვანელოს გრიფირება - უწყება განცხადებას ავრცელებს
24-09-2024

მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე კონკურსის შესაძლო გაუქმების გამო ავტორმა, დიმიტრი შველიძემ წიგნზე მუშაობა შეაჩერა და განაცხადა; „ამ ეტაპზე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი ეჭვი და პროტესტი, ისტორიის სახელმძღვანელოებზე აქამდე მიმდინარე კონკურსების შესაძლო გაუქმებისა და ერთი, მონოსახელმძღვანელოს პრინციპის შემოღების შესახებ... იმის გამო, რომ შესაძლოა მართლაც არსებობდეს ამგვარი შესაძლებლობა, ვაჩერებ სახელმძღვანელოზე შემდგომ მუშაობას (დროებით ან საერთოდ), იმ დრომდე, სანამ არ გამოიკვეთება ნათელი სურათი - გაგრძელდება თუ არა - სახელმძღვანელოების შესარჩევი კონკურსები“.

სახელმძღვანელოზე კონკურსის შესაძლო გაუქმების გამო ავტორმა წიგნზე მუშაობა შეაჩერა - etaloni.ge დიმიტრი შველიძეს დაუკავშირდა

მოგვიანებით განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ოფიციალური სტრუქტურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„მოგახსენებთ, რომ 2024 წელს საქართველოს ისტორიის გრიფირების პროცესი საერთოდ არ გამოცხადებულა.

წელს მე-12 კლასში შემუშავდა მხოლოდ დამხმარე რესურსები ყველა იმ საგანში, რომელიც მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  დაემატა აღნიშნულ კლასს - ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია, ქიმია, საქართველოს ისტორია.

დღეისათვის სკოლებში არსებობს ძველი გრიფირებული მსოფლიო ისტორიის წიგნი, რომელიც, მოიცავს საქართველოს ისტორიას. ამასთან, მასწავლებლების გზამკვლევად დამატებითი შეიქმნა რესურსი, რომელიც მუდმივად იქნება განახლებადი. 

დამხმარე რესურსის პირველი ნაწილი დამუშავდა შესაბამისი კომპეტენციის ისტორიკოსების მიერ მხოლოდ პირველი სემესტრისთვის და მოიცავს მე-20 საუკუნის დასაწყისს - 1900-1921 წლებს. მასწავლებლებისთვის ჩატარდა შეხვედრები და მოხდა მათი დატრენინგება რესურსის გამოყენებაში. შესაბამისად, გამოთქმული ეჭვი, შიში, თუ ბრალდებები იმის თაობაზე, რომ უკანასკნელი 30 წლის პერიოდი არასწორად დაიწერება, ეს არის შეგნებული ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გზით უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.

2024 წელს დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე დაიწყო ყველა საგნობრივი სტანდარტის გადამუშავება. მიუხედავად იმისა, თუ რომელი სახელმძღვანელოთი მიმდინარეობდა სწავლება სკოლებში, მე-12 კლასის ყველა საგნისთვის შეიქმნა მასწავლებლის დამხმარე გზამკვლევები. მათ შორის საქართველოს ისტორიაში.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ყველა საგნის სახელმძღვანელოს განახლებაზე“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203