აღმზრდელი ლაშა ხიზანიშვილი საჯარო ბაღებში კადრის დეფიციტზე, გადატვირთულ ჯგუფებზე, პედაგოგების დაბალ ანაზღაურებაზე საუბრობს
23-12-2024

„ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მამრობითი სქესის პედაგოგებისგან მიღებული გამოცდილებაც, მათ სჭირდებათ პედაგოგები: ბიჭები და გოგონები თანაბრად და თანასწორად, როგორც მეგობრები და აღმზრდელები“ - ეს სიტყვები ბაღის აღმზრდელს, ლაშა ხიზანიშვილს ეკუთვნის. ჩვენი რესპონდენტი საქართველოში არსებული ერთ-ერთი არასტანდარტული ბაღის პედაგოგია. ქართულ რეალობაში იშვიათად თუ ვიპოვეთ მამრობითი სქესის მასწავლებლებს ბაღებში - რა განაპირობებს ამას, სტიგმები თუ უბრალოდ ბიჭების ნაკლები ინტერესი ამ სფეროს მიმართ? თუმცა, როგორც თავად გვიყვება, არსებული რეალობა, თუნდაც სტერეოტიპული მიდგომები, მისთვის მეორეხარისხოვანია, მისი საქმე მოსწონს და დღეს Etaloni.ge-ის მკითხველსაც უზიარებს თავის გამოცდილებას - ერთი მასწავლებელი ბიჭის ისტორიას. საუბრობს სკოლამდელი განათლების ხარისხსა და პროფესიულ გამოწვევებზე - თუმცა ბოლოს, მაინც პასუხგაუცემელი რჩება კითხვა: რატომ არ გვყავს საჯარო ბაღებში მამრობითი სქესის მასწავლებლები? 

- დავიწყოთ თქვენი ისტორიით... რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში დასაქმება?

- სკოლის დასრულების დროს ჩემს გონებაში არ არსებობდა ერთი კონკრეტული სფერო ან საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით მიზიდავდა, მაგრამ ბევრი სხვადასხვა რამ მაინტერესებდა და უნივერსიტეტში ჩაბარებისას სწორედ ასეთი პროფესია ავირჩიე, მართვის სკოლაში ჩავაბარე, საჯარო მმართველობა ერქვა ფაკულტეტს, თუმცა ვსწავლობდი ბევრ, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ საგანს: პოლიტიკა, ეკონომიკა, ბუღალტერია, საერთაშორისო ურთიერთობები, მარკეტინგი, მათემატიკა, კვლევის მეთოდები და ასე შემდეგ, ცოტ-ცოტა თითქმის ყველაფერს ალბათ, რაც გაგვიგია. ჩემი ფაკულტეტის იდეაც ეგ არის - ისეთი კურსდამთავრებულები „გამოუშვას“, რომლებიც მომავლისთვის ამ სწრაფად ცვალებად გარემოში მარტივად შეძლებენ სხვადასხვა სფეროში ადაპტირებას და თავის პოვნას. შესაბამისად წლების მანძილზე განსხვავებულ ამპლუებში მიცდია თავი, თუმცა ჩემთვის ასეთი სასიამოვნო პროცესი არსად ყოფილა, როგორც „ბუნებარეს“ საბავშვო ბაღშია. განათლებისა სფეროში დაახლოებით 2018 წლიდან ვარ, ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად ვარ  ორგანიზაციის დამფუძნებელი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო პროექტებს ვაორგანიზებდით. სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან არ მიმუშავია, თუმცა ვიცოდი, ბავშვებთან ურთიერთობა გამომდიოდა და ამიტომ წინასწარი შიშის გარეშე გადავწყვიტე აქ მუშაობის დაწყება.

- ქართული რეალობიდან გამომდინარე, იშვიათია მამრობითი სქესის აღმზრდელები ბაღებში - არის თუ არა ეს სტერეოტიპული მიდგომებით განპირობებული?

- ფაქტია, რომ ამ სფეროში იშვიათია მამრობითი სქესის წარმომადგენლები და დიდი ალბათობით არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას საბავშვო ბაღში „ბუნებარეს“ ვაკანსია რომ არ მენახა კონკრეტული მოთხოვნითა და ახსნით - თუ რატომ ეძებდნენ ბიჭ პედაგოგებს. კაცებისა და ქალების სხვადასხვა საქმიანობებში განაწილების შესამჩნევი რადიკალური ტენდენციები არსებობს, რამდენადაც იშვიათად ბიჭებს ვხვდებით ამ სფეროში იმდენად იშვიათად შეხვდებით მაგალითად, ავტონაწილების ან სერვისებში ან გემზე ტექნიკოსად მომუშავე ქალებს. არ ვიცი მთლიანად სტიგმების დამსახურებაა ეს თუ ბუნებრივი სტიმულებიც არსებობს რატომაც უმეტესწილად გოგონები ირჩევენ ამ და მსგავს პროფესიებს, თუმცა ჩანს გარკვეული  სტიგმაც არსებობს, რასაც დიდწილად ინფორმაციის ნაკლებობა და საქართველოში კონკრეტულად ამ სფეროში არსებული მრავალფეროვნების ნაკლებობაც იწვევს, ანუ როგორც სკოლები არის ქვეყანაში უნიფიცირებული და ყველა ერთმანეთს ჰგავს, ისეა საბავშვო ბაღების უმეტესობაც. ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდად იმოქმედა და უგულებელყო  დამკვიდრებული სტიგმა  არასტანდარტული ბაღის ორიგინალურმა მიდგომამ, რომ ეს არის ბაღი კედლების გარეშე, ტყეში, ანუ ბუნებრივ გარემოში, განსხვავებული მიდგომებით, სადაც ბავშვებისთვის სჭირდებათ პედაგოგები: ბიჭები და გოგონები თანაბრად და თანასწორად, როგორც მეგობრები და აღმზრდელები, რადგან ბავშვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მამრობითი სქესის პედაგოგებისგან მიღებული გამოცდილებაც. პედაგოგების მისია მხოლოდ მშობლებისთვის დროის გამოთავისუფლება კი არაა მათი შვილებისთვის, პატარა ადამიანებისთვის ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება და მათ კარგ ადამიანებად ჩამოყალიბებაზე საფუძვლიანი ზრუნვაა.

- როგორია თქვენთან, როგორც ბიჭ აღმზრდელთან მშობლების დამოკიდებულება და აქაც ხომ არ იჩენს თავს სტიგმები?

- საბედნიეროდ ისეთი ადამიანები მყავს გვერდით ვისთვისაც მსგავსი რამეები მეტად გასაგებია და მსგავს უპატივცემულობას არ იჩენენ ხოლმე, თუმცა ვიცი რომ ჩვენს გარშემო ბევრის გონებაში იქნება აღნიშნული სტიგმა და ნეგატიური დამოკიდებულებაც იქნებოდა სხვა შემთხვევაში, თუმცა მე უბრალოდ მომწონს რასაც ვაკეთებ, ღირებული მგონია ეს საქმე და სხვების აზრი არა უმნიშვნელო, მაგრამ უფრო მეორეხარისხოვანია. ასეთი დამოკიდებულება მგონია ყველაზე სწორი.

- ბაღის აღმზრდელები ხშირად ჩივიან დაბალ ანაზღაურებაზე, როგორ ფიქრობთ, შესაბამისია თუა არა ხელფასები იმ შრომასა და პასუხისმგებლობასთან, რაც გაკისრიათ?

- ანაზღაურების პრობლემა ზოგადად საბავშვო ბაღებში, უდავოდ, არის და საკმაოდ მწვავედ, მაგრამ სულ რომ ათჯერ მეტი გადაგიხადონ, მხოლოდ ფულის გამო მაინც ვერ გააკეთებ ამ საქმეს, უნდა გიყვარდეს, გსიამოვნებდეს, გამოგდიოდეს.

- რა არის ის მთავარი გამოწვევები, რასაც პროფესიული კუთხით აწყდებით?

- პროფესიული კუთხით გამოწვევებს ვაწყდებით ყველანი, რადგან გარე განათლება უცხო ხილია საქართველოსთვის, არ არსებობს აქ ამის კულტურა, მრავალწლიანი გამოცდილება, რომელსაც თაობები გადასცემენ ერთმანეთს...  

- კადრების კვალიფიკაციას როგორ შეაფასებდით და ზოგადად, როგორ ისწავლება ეს პროფესია უმაღლესებში?

- უმაღლესებში ეს პროფესია როგორ ისწავლება, ღრმა ცოდნა არ მაქვს - მე იქ არ მისწავლია ეს ყველაფერი... ყველაზე მეტი პრაქტიკაში ვისწავლე და რა თქმა უნდა თეორიული ცოდნითაც უხვად გვამარაგებენ ბაღის დამფუძნებლები, რაც ჩემი აზრით სწორია - განათლებაც მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა გახდეს. ცოტა მოძველებული მგონია საუნივერსიტეტო განათლების არსებული პრაქტიკა, სკოლების სისტემა ფუნდამენტურად შესაცვლელი მგონია და სკოლამდელი განათლებაც ჩემი აზრით მეტ ყურადღებას და პასუხისმგებლობას მოითხოვს ჩვენგან, როგორც უფროსი ადამიანებისგან და მშობლებისგან. რეალურად სკოლამდელ ასაკში პიროვნების ჩამოყალიბება ხდება და ამიტომ ბევრი განათლებული, მოტივირებული, პასუხისმგებლიანი პედაგოგია საჭირო ამ სფეროში და ეს იმაზე ბევრად პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში ვიდრე არის.

- აქტუალური პრობლემაა ბავშვების ბაღში ადაპტაცია - რას გვეტყვით ბავშვების ტრავმულ გამოცდილებაზე და ამის თავიდან ასარიდებლად, თქვენი, როგორც ერთი მასწავლებლის მიდგომა როგორია?

- ბავშვები რომლებიც პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამენ და უნდა მიეჩვიონ მშობლებისგან დამოუკიდებლად ახალ სოციალურ გარემოში ცხოვრებას, ჩვენი მისიაც ესაა  - მაქსიმალურად უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო შევუქმნათ მათ. მივცეთ თავისუფლება ბავშვებს, აღმოაჩინონ საკუთარი ხედვები და უნარები. საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დავეხმაროთ კიდეც, თუმცა ყოველთვის ვცდილობთ, უფრო ფასილიტატორები ვიყოთ ამ ყველაფერში და მაქსიმალურად დამკვირვებლის როლში დავრჩეთ, სადამდეც მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები გაწვდება, ერთმანეთთან დამოუკიდებლად იურთიერთონ, შექმნან თანატოლების პატარა საზოგადოება, ისე რომ ყველანაირი ტრავმები ავირიდოთ. ბავშვობის ტრავმები არის დასაბამი უმეტესი პრობლემებისა, რომლებიც მომავალში უჩნდება ხოლმე ზრდასრულ საზოგადოებებს, ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, სკოლამდელი აღზრდაც იყოს სწორ თუ კარგ პრინციპებსა და ღირებულებზე დამყარებული.

- რას აკეთებთ, როცა ბავშვი ტირის და გაქვს თუ არა განსხვავებული მიდგომები?

- თავისთავად, ბავშვები ხშირად ტირიან და გვაქვს ბევრი სხვა გამოწვევებიც, რის გასაანალიზებლად და მოსაგვარებლადაც ჩვენ საკმაოდ დიდ დროს ვხარჯავთ, საველე სივრცეშიც და მის გარეთაც, პედაგოგებს საქმის პროფესიონალები და კარგი ადამიანები უმაგრებენ ზურგს. ეს ნიშნავს რომ მაქსიმალურად საიმედო ხელში ვართ ჩვენც და ბავშვებიც. ამასთან ერთად, ჩაკეტილი სივრცეებისგან განსხვავებით, ბუნებრივ გარემოში ბევრად მეტი რამაა ისეთი, რაც ბავშვის ყურადღებასა მიიქცევს და მის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს, ესეც ძალიან გეხმარება ტირილთან და მსგავს გამოწვევებთან გამკლავებაში.

- ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ბავშვების რაოდენობა ჯგუფებში, თქვენი გამოცდილებით, რა რაოდენობით უნდა იყვნენ ჯგუფში ბავშვები და რა პრობლემებს წარმოშობს მათი არადაბალანსებული რაოდენობა?

- ბავშვების რაოდენობას პედაგოგების რაოდენობასთან მიმართებით დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენთან ერთ პედაგოგზე 3 მაქსიმუმ 4 ბავშვი მოდის, რაც საშუალებას გვაძლევს, ყველა ბავშვი მაქსიმალური ყურადღებით დაიტვირთოს. გარე განათლების მოდელში ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ფაქტორია და ასევე გუნდურობის შეგრძნებების ჩამოყალიბებასა და განვითარებას საკმაო ყურადღება ექცევა, რაც ზოგადად მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვისაც - ამის გამო საჭიროა ჯგუფებში ბავშვების რაოდენობის დაბალანსება. საჯარო ბაღებში არასდროს მიმუშავია, თუმცა ვიცი, რომ იქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ბავშვების რაოდენობით გადატვირთული ჯგუფები, რომლებსაც ვერ ხელმძღვანელობენ საკმარისი რაოდენობის პედაგოგები, თითქმის შეუძლებელია, 40 განსხვავებული ბავშვისგან შემდგარი ჯგუფი ფუნქციურ მინი საზოგადოებად, გუნდად შეიკრას. ზოგადად, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებიც ერთმანეთს ებმის, რაოდენობრივად გადატვირთული ჯგუფები, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისად ბევრი, შესაფერისი უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი პედაგოგები,ასეთი კი ცოტაა, სხვადასხვა მიზეზის გამო: სფერო ძალიან დაბალანაზღაურებადია და ამიტომ ახალგაზრდებში პროფესიით დაინტერესება დაბალია, შესაბამისად მოთხოვნაც დაბალია; უმაღლეს სასწავლებლებში ძალიან იშვიათია შესაბამისი ცოდნის მიწოდება, არადა ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლების ამ ეტაპზე ახალგაზრდებთან და თანაც ბიჭებთან და გოგონებთან თანაბრად ჰქონდეთ ურთიერთობა ბავშვებს. როგორც ჩანს პრაქტიკაშიც ნაკლებად ხდება პრაქტიკოსების მუდმივი გადამზადება. ასევე ბავშვების ბუნებრივი ინტერესია სამყაროს აღმოჩენა და ბუნებასთან ურთიერთობა, ბაღების ნაწილი კი უბრალოდ ბეტონის კედლებითაა შემოსაზღვრული, რაც ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტებს თრგუნავს.

- არაერთ პრობლემურ საკითხზე ისაუბრეთ... რომ შეგეძლოთ ერთი რეფორმის გატარება, რას გააკეთებდით დღევანდელი რეალობის შესაცვლელად? 

ჩემი ხედვით, გასატარებელ რეფორმები პირდაპირ ბმაშია და გამომდინარეობს აღნიშნული პრობლემებიდან. განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია ასევე კონკრეტულად საბავშვო ბაღების მიმართულებით, მათი რაოდენობის გაზრდის საშუალება უნდა გახდეს, რის ხარჯზეც უნდა დაბალანსდეს ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა, სფერო პოპულარიზაციით, ინფორმაციის გავრცელებით, რაზეც ვსაუბრობდით, ის სტიგმები უნდა ჩამოიშალოს, ბაღებში გაწეული შრომა გახდეს მეტად მაღალანაზღაურებადი, რაც მოიზიდავს მეტ ახალგაზრდას, გაზრდის მოთხოვნას ცოდნაზე და შესაბამისად მივიღებთ მეტ პროფესიონალს ამ სფეროში, ასევე კედლებისგან მაქსიმალურად უნდა გათავისუფლდეს საბავშვო ბაღი და აღსაზრდელებს უნდა მიეცეთ მეტი დრო გარესამყაროსთან და ბუნებასთან ურთიერთობისთვის.

- და ბოლოს, როგორია თქვენი ერთი სამუშაო დღე ბაღში?

- ჩვენი სამუშაო დღე ბაღში დროის თვალსაზრისით არც ისე დატვირთულია. დაახლოებით 9 საათიდან 2 საათამდე ვართ ხოლმე ბაღში, თუმცა მაქსიმალურად დატვირთულია აქტივობებითა და პასუხისმგებლობით, რამდენადაც მეტ თავისუფლებას ქმნის გარემო კედლების გარეშე, იმდენად საფრთხეებიც ბევრი ჩნდება და ჩვენ ვალდებულნი ვართ მუდმივად ყურადღებით ვიყოთ პატარებისთვის უსაფრთხო და თან სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. ყოველ დღე ვზრუნავთ ამაზე და იმაზე რომ ყოველ დღე მინიმალურად მაინც ერთი ნაბიჯით უფრო განვითარებულები და მენტალურად უფრო ძლიერები, უფრო ბედნიერები წავიდნენ ჩვენგან. არა მხოლოდ ისინი, ასე ვართ ყველანი და პირადად მეც ძალიან მეხმარება ეს გარემო ყოველდღიურად სასურველი მენტალური მდგომარეობის შენარჩუნებაში.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203