„ასე იწყება და ძლიერდება წიგნის სიყვარული!“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეორეკლასელთა დაუვიწყარი გაკვეთილი
26-09-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ხალისითა და დიდი შემართებით განაახლეს. 

მეორეკლასელებისთვის საგანმანათლებლო მოგზაურობის შემდეგი გაჩერება - „პინოქიოს თავგადასავლია“, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნენ, საჭირო დასკვნებიც გააკეთეს და ხის ბიჭუნას დიდ გულშემატკივრებადაც იქცნენ.

პედაგოგმა - მარი თაბაგარმა მოსწავლეებს შთამბეჭდავი გაკვეთილი შესთავაზა და მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულს მყარი საფუძველი ჩაუყარა. 

„დედამიწაზე ბავშვი არ მეგულება, „პინოქიოს თავგადასავლით“ არ დაინტერესებულიყოს და ეს მხიარული და კეთილი ბიჭუნა არ შეჰყვარებოდეს. ჩვენი სკოლის მეორეკლასელებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ ხის კაცუნას ამბავს.

სკოლის სახელმძღვანელოში მოცემული ამბავი რომ წავიკითხეთ, რა თქმა უნდა, მწერალ კარლო კოლოდიზეც ბევრი ვისაუბრეთ. შემდეგ, დიდ ეკრანზე მულტფილმიც ვნახეთ და პინოქიოზე შეყვარებულებმა წერილებიც მივწერეთ მას. ზოგიერთმა ყოფაქცევა დაუწუნა, ზოგმა - წიგნსა და გართობას შორის არჩევანი, უმრავლესობამ კი სათანადო რჩევა მისცა. 

აბა, რამდენს გიოცნებიათ, ზღაპრის პერსონაჟი ყოფილიყავით? ასე იოცნებეს მეორეკლასელებმაც. ჩვენს სკოლაში რომ გულით ნანატრი ყველა სურვილი  ხდება, ეს აღარავის უკვირს.  ჰოდა, ამ პატარებმაც აქსესუარები მოირგეს და კლასში გააცოცხლეს პინოქიო, მელაკუდა, კატა, მალვინა, ჯეპეტო, თეატრის თოჯინები. უცებ მოფიქრებული თავიანთი დიალოგებით გარკვეული სცენებიც გაითამაშეს და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენით ბევრიც იხალისეს“,- გვიყვება პედაგოგი მარი თაბაგარი და მოსწავლეებისთვის კითხვის სიყვარულის სწავლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. 

„ასე იწყება და ძლიერდება წიგნის სიყვარული! მჯერა, არც პინოქიო და არც ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ. ძალიან მალე კი „პინოქიოს თავგადასავლის"  ყველა თავს ასეთივე ინტერესით წაიკითხავენ“,- დასძენს მარი თაბაგარი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203