თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობითა და განახლებული შემართებით დაიწყეს.
კლასელებსა და მასწავლებლებს მონატრებული მოსწავლეები ერთმანეთს გულთბილად შეეგებნენ და საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.
სასკოლო საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ემოციური იყო, სკოლის დირექტორის გიული ზაქაიძის მილოცვა, ემოციური გზავნილი და იმ მიზნების დასახვა, რომელიც თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის წარმატებულ საქმიანობასა და დიად მისწრაფებებზე მეტყველებს.
„გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას პირად ცხოვრებაში, პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას და წარმატებას, ჩვენს მოსწავლეებს კი - მონდომებას, ცოდნის შეძენის სურვილს და გამარჯვებას!
წლების განმავლობაში ერთად გამოვიარეთ გზა - სირთულეებითა და წარმატებებით სავსე, იყო მიღწეულით კმაყოფილება, თუმცა ბევრი სიძნელეც, მაგრამ ამ ყველაფრით უფრო ვძლიერდებით, ვიზრდებით. ახლა უკვე თამამად ვამბობთ, რომ ჩვენმა სკოლამ თავისი სიტყვა თქვა, წლებია ჩვენი მოსწავლეები და კურსდამთავრებულები ასახელებენ სკოლას, მათ გაიტანეს სკოლიდან, როგორც ცოდნა, ასევე დიდი სიყვარული და სითბო.
ვულოცავთ სტუდენტობას ყველა იმ კურსდამთავრებულს ვინც სწავლას უმაღლეს სასწავლებელში ასევე პროფესიულ სასწავლებელში აგრძელებს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად ივლიან ცხოვრების ყველა მიმართულებით.
ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს განსაკუთრებული სიყვარულით, ცოდნის მაგიურ სამყაროში შემობიჯებას.
ჩვენო პატარა მეგობრებო, თქვენ მოხვედით ყველაზე თბილსა და მზრუნველ გარემოში. აქ წარმატების მწვერვალებისკენ გზას პროფესიონალი და გამოცდილი, ყურადღებიანი პედაგოგები გაგიკვალავენ.
სკოლა თქვენი სახლია, თქვენი ოჯახია. წინ საოცარი თავგადასავალი გელოდებათ. ის იქნება ფერადი და საინტერესო, მეგზურობას კი თქვენი ქალაქ თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლა გაგიწევთ.
მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი ყოველთვის განსხვავებულად ელოდება ცოდნის დღეს.
არდადეგების შემდეგ ისევ შევიკრიბეთ დიდი ოჯახი ერთი მიზნისთვის - თითოეულ მოსწავლეს უნდა შეეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ქართული ტრადიციების, ოჯახის პატივისცემის უნარი.
სკოლის მისიაც ხომ სწორედ ეს არის.
გისურვებთ, ერთად შევძლოთ თანამშრომლობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემის, სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება სკოლაში და მაღალი სასწავლო სტანდარტების დაძლევა, ერთად დავძლიოთ ყველა გამოწვევა. მიზანდასახულად შევუდგეთ სასწავლო პროცესს.
გისურვებთ წარმატებებს!“ , - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
იხილეთ ფოტოები: