ლაჯანასა და ალპანას საჯარო სკოლების ერთობლივი პროექტი და მოსწავლეები მკვლევარ-ისტორიკოსების, ფილოლოგ-თარჯიმნებისა და გიდების როლში
26-09-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანისა და ლაჯანის საჯარო სკოლები აქტიურად თანამშრომლობენ და საეთო ძალებით, საინტერესო ინიციატივებზე მუშაობენ. 

ამჯერად, გაგაცნობთ საინტერესო პროექტს - „მუხების ჩრდილში გამოჩარხული სტრიქონების კვალდაკვალ!“, რომელზეც ორივე სკოლის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი მოსწავლეებმა ადრე წასული საუკეთესო პოეტის, სევერიან ისიანის, შემოქმედებას მიუძღვნეს. 

ალპანისა და ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დროებით იქცნენ: „მკვლევარებად“, „ისტორიკოსებად“, „ფილოლოგებად“, „გიდებად“, „თარჯიმნებად“ და ბევრი საინტერესო მასალა შეისწავლეს.

პროექტის ყველაზე უფრო  მნიშვნელოვანი ნაწილი კი სევერიან ისიანის სახლ-მუზეუმში სტუმრობა იყო.

„უამრავი „ამღერებული გული“, „ჩვენი მიწის და მზის მოყვარული“ გოგო-ბიჭები, აქ კიდევ ერთხელ ეზიარენ „მუხების ჩრდილში გამოჩარხული“, სტრიქონების მადლს, წაიკითხეს პოეტის პირადი წერილები და დარწმუნდნენ, რომ ჭაბუკი სევერიანი, მართლაც, ვერ დარჩებოდა მხოლოდ „კალმის და წიგნების კაცად“, - ასე შეაფასეს სკოლაში ვიზიტი. 

„ჩემი მოსწავლეების სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უდიდესი მამულიშვილური საქმე გააკეთა და ახალი სიცოცხლე აჩუქა ლეჩხუმელთა საამაყო პოეტის ფუძეს!

მჯერა, ბავშვების ,,გულში შემოპარული" სიყვარული პოეტისადმი, არასდროს დამთავრდება... ეს კი ყველაზე დიდი უკვდავებაა!“, - აღნიშნავს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მადონა  მახარობლიძე. 

აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ვიზიტი, 23 სექტემბერს, სწორედ პედაგოგის მადონა მახარობლიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. პედაგოგმა ალპანისა და ლაჯანის  სკოლის  მოსწავლეებთან  ერთად  პრეზენტაცია გამართა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.   

წარმოდგენილი ორი გუნდიდან,  რომლებიც დაყოფილი იყვნენ „მკვლევარებად“  და „გიდებად“,  სხვადასხვა წყაროებიდან მოძიებული ინფორმაცია, ცოდნის გამდიდრების მიზნით, სწორედ აქ  მუზეუმში წარმოადგინეს. 

ბავშვებმა წაიკითხეს პოეტის  ლექსები, წერილები, დაათვალიერეს მისი პირადი ნივთები. ასევე  გაიხსენეს ერთი თაობის ლეჩხუმელი პოეტები ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი. იქვე დაგეგმეს  კიდევ უამრავი ახალი შემეცნებითი პროექტები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203