ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი ტრადიციულად, საზეიმოდ და დიდი ჟრიამულით დაიწყო.
„16 სექტემბერი ის დღეა, როცა საქართველოს ყველა სკოლის კარი იღება, ახალგაზრდობა მიეშურება ცოდნის ტაძრისკენ და ანთებს განათლების ჩირაღდანს. ეს დღე არის ხვალინდელი უკეთესი დღის იმედი, რადგან „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება - ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვერავინ დაუდგება“, - ამ მოტივითა და დიდი სიყვარულით უმასპინძლა ქუთაისის N32 საჯარო სკოლის საზოგადოებამ მონატრებულ მოსწავლეებს.
მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ჩატარდა საზეიმო ღონისძიება. ღონისძიება ეროვნული მოტივებით გაიხსნა, ქვეყნის ჰიმნის აჟღერებითა და დროშის აღმართვით.
დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები მიესალმნენ მოსწავლეებსა და მშობლებს, მათ ისაუბრეს სწავლისა და ცოდნის აუცილებლობაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე სკოლას ესტუმრა კურსდამთავრებული მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდში, ვახტანგ ახობაძე.
ეს დღე განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ პირველკლასელებს. მათთვის გაიღო „ჯადოსნური კარი“ და წიგნიდან „ამომხტარმა“ ლიტერატურულმა პერსონაჟებმა (მერი პოპინსი, პეპი, კონკია, პინოქიო და სხვ.) მუსიკალურ-თეატრალური კომპოზიცია შეასრულეს.
„ეს დღე განსაკუთრებული, საზეიმო და სამახსოვრო იყო სასკოლო საზოგადოებისთვის“, - ასე აფასებენ სკოლაში 16 სექტემბერს, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე დღეს.
იხილეთ ფოტოები: