„ჩემი თვალით  დანახული აფხაზეთი“ - გეჯეთის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს გამოფენა მიეძღვნა
30-09-2024

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში 1993 წლის 27 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.

„გეჯეთის საჯარო სკოლაში  დილით სევდიანი  მუსიკის ხმა ისმოდა... ჩაფიქრებული იყო ყველა, მხოლოდ ბავშვები სკოლის ეზოს ლამაზად ხატავდნენ, ხატავდნენ ტანკებს, ცეცხლმოკიდებულ სახლებს...

უფროსები კი ჩუმად ჩურჩულებდნენ: მე მახსოვს აფხაზეთი... აფხაზეთი ჩვენი ტკივილია... აფხაზეთი საქართველოა...

ასევე მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა - „ჩემი თვალით  დანახული აფხაზეთი“,- გვიყვებიან სკოლაში, სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ტრაგიკულ დღეს არასდროს ივიწყებენ, აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას კი პატივს მიაგებენ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ორგანიზატორი ხელოვნების მასწავლებელი მარინე მურღულია გახლდათ. 

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203