ველევის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი, ტრადიციულად, სადღესასწაულო განწყობით დაიწყო
30-09-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე ემოციებით სავსე იყო.

სკოლაში განსაკუთრებით ცდილობენ, არც თუ მრავალრიცხოვან მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო შეუქმნან და განწყობა აუმაღლონ.

ველევის საჯარო სკოლაში ყოველ წელს სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ზეიმით აღინიშნება სასწავლო წლის დაწყება, იჭრება სადღესასწაულო ტორტი და სკოლაში სასიამოვნო გარემო იქნება. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სულ სხვა დატვირთვა აქვს სხვა პიროვნებებისაგან გამოჩენილ ყურადღებას, ამ მხრივ, სკოლას ანებივრებს რაიონული გაზეთის რედაქტორი დალი დარახველიძე, კულტურის ცენტრის დირექტორი  თამაზ დაუშვილი, ოლქის დეპუტატი დავით გოგსაძე,  წელს კი მან სხვაგვარი სიურპრიზი მოუწყო სასკოლო საზოგადოებას და კოლეგებთან: დავით ხუციშვილსა და ირაკლი კობახიძესთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ბავშვებს კი საჩუქრები გადასცა. 

სკოლა მადლობას უხდის ყველა მათგანს გვერდში დგომისა და ამ დღის გამრავალფეროვნებისთვის

აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, რაც მეტად საპასუხისმგებლოა სკოლის ადმინისტრაციისა თუ პედაგოგებისთვის, მათი მთავარი ამოცანაა, რომ მოსწავლეთა სიმცირის მიუხედავად, სასწავლო გარემო იყოს მრავალფეროვანი და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული. 

„და-ძმა ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეები - სოფელ ველევის საჯარო სკოლის ორად ორი მოსწავლეა, ველევის თემში შემავალი 4 სოფლის:კვირიკეწმინდა- ველევის, ბეთლევისა და შხივანის მოზამთრე 2 ბავშვი: ნიკოლოზ მაცაბერიძე და დათა და ნატალია სუთიძეები, კი შემოემატენ, მაგრამ ისინი პატარები არიან და ამათ პარტნიორობას ვერ გაუწევენ. ბავშვს კი აზრის გამზიარებელიც უნდა და პარტნიორიც, სულ უფროსების გარემოცვაში ყოფნა რთულია, კი ყველასაგან სითბოსა და სიყვარულს გრძნობენ როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ, მაგრამ სულ მონატრული არიან თანატოლებს, მათთან ურთიერთობას. ზაფხულის დადგომაც უფრო უხარიათ, რომ ქალაქელ თანატოლებს ელიან, მთელი წლის ნაგროვები შთაბეჭდილებები აქვთ გასაზიარებელი, რამდენს, ვინ მოთვლის, ყავლიც გაუვიდა! ასე რომ არდადეგებიდან არდადეგებამდე მოლოდინის რეჟიმით ცხოვრობენ. ზაფხულიც წვიმის წვეთივით სწრაფად ქრება, თუ მაინც გვიან ჩამოვიდნენ მოაგარაკენი, იმათ თავიანთი განრიგი აქვთ სამეგობროსთან ერთად, ამათი მოლოდინი კი უსაზღვროა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203