ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღე ემოციურად გაიხსენეს.
27 სექტემბერს, ამ ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-8 კლასში, რომლის დამრიგებელი ბელა კაციტაძე გახლავთ, შემეცნებითი ღონისძიება „ო, აფხაზეთო, ამორძალი ხარ მკერდმოჭრილი უსაქართველოდ“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და გაახსენეს აფხაზეთის ომის ტრაგედიის ეპიზოდები. მერვეკლასელებმა წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებაზე, ასევე შესრულდა სიმღერა და ქორეოგრაფიული ნომერი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მიწვეული იყო ამავე სკოლის კურსდამთავრებული, აფხაზეთის ომის ვეტერანი ზვიად ბაქრაძე, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა აღნიშნულ თემაზე. მას, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა დაუსვეს კითხვები, რამაც მეტად გაამრავალფეროვნა და საინტერესო გახადა შეხვედრა.
სკოლის დირექციამ მოწვეულ სტუმარს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: