ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი, 2024-2025 სასწავლო წელი შემართებით, ზარ-ზეიმით დაიწყეს.
16 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთათვის შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა. ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და დასამახსოვრებელი პირველკლასელებისთვის იყო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს.
როგორც სკოლაში აღნიშნეს, მე-12 კლასელებმა ესტაფეტა გადასცეს პირველკლასელებს.
ღონისძიებას ადგილობრივები ესწრებოდნენ. მშობლები და მიწვეული სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ მოსწავლეთა შემოქმედებითობით.
შემდეგ კი ახალი სასწავლო წლის პირველი ზარი დაირეკა, მოსწავლეებმა თავიანთ კლასებს მიაშურეს. მოსწავლეთა განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა ლამაზად მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა, სადაც საყვარელი პედაგოგები დახვდათ. მათ კუთვნილი სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ.
ლამაზ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა კი პედაგოგებს ყვავილები გადასცეს და ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სკოლის დირექტორმა - ჯულიეტა შირინიანმა ყველას დიდი სიყვარულით მიულოცა სწავლის დაწყება.
„მთელი საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვულოცავ 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებას. ვისურვებდი, რომ ბევრი განათლებული და მაღალი ინტელექტის მქონე ახალგაზრდა, მოსწავლე-სტუდენტები აღვუზარდოთ ჩვენს საქართველოს“, - აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტოები: