ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლა პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვან ლიცეუმთან აქტიურად თანამშრომლობს, ცვლით ცოდნასა და გამოცდილებას.
19-26 სექტემბერს, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლასა და პოლონეთის ქალაქ პოზნანის N38 ორენოვან ლიცეუმთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა პოლონეთის დელეგაცია.
ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეები გადანაწილებული იყვნენ მასპინძელი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ოჯახებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს 7 დღე სხვადასხვა ღონისძიებებითა და გასვლითი ტურებით იყო დატვირთული. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძალიან საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაციები ქიმიასა და ფიზიკაში, ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომელთა მსვლელობაშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ პოლონელი მოსწავლეები.
შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ფარგლებში, მოსწავლეთა განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, პოლონეთის დელეგაცია ესტუმრა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც ისინი დაესწრნენ კლასიკური მუსიკის კონცერტს ( შემსრულებლები პიანისტი და კომპოზიტორი - გიორგი არაბიძე, მევიოლინე ნია ბერაძე და პიანისტი ბექა ბაბუნაშვილი).
მოგვიანებით, სტუმრებმა მოინახულეს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი და დაათვალიერეს ძველი ქუთაისის უბნები, სადაც გიდობა გაუწია ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულმა აკაკი სულავამ. ასევე, მოინახულეს მოწამეთა და ბაგრატის ტაძარი, პრომეთეს მღვიმე და ბოლოს, მასპინძელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად ესტუმრნენ ბათუმს, სადაც ქალაქის ტურის გარდა დაესწრნენ დელფინარიუმის შთამბეჭდავ წარმოდგენას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ეწვივნენ საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცეს „წიგნი-ერი“, სადაც მათ ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა ჩაუტარეს მეგრული სამზარეულოს მასტერკლასი. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ ადგილობრივ ქართულ სამზარეულოს.
ვიზიტის დასასრულს სტუმრები დაესწრნენ ქართული ეროვნული ცეკვისა და სიმღერის კონცერტს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაცვლით პროგრამაში მიღებული გამოცდილება, ცოდნა და შთაბეჭდილებები დაუვიწყარი და ნაყოფიერი გამოდგა ორივე მხარისთვის, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა სკოლებს შორის ურთიერთობები.
„სკოლის სახელით ჩვენი მხარდაჭერისთვისა და გვერდით დგომისთვის დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველს ბატონ ვაჟა ჯუღელს, მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის დირექტორს ქ-ნ მანანა კიკაბიძეს, მუზეუმისა და გალერიის ხელმძღვანელობას, ხელოვნების სკოლის დირექტორს ბატონ ლევან კვატაშიძეს, საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცის "წიგნი-ერი“ დამფუძნებელს ქ-ნ მაკა მარგველაშვილს, ჩვენი სკოლის სტუმრების მასპინძელ ოჯახებს და ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა სტუმრების ღირსეულად დახვედრაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: