2024 წლის
დეკემბერში აპლიკანტებს შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ კემბრიჯის შემდეგი
სასერტიფიკაციო გამოცდების მხოლოდ ფურცლის ვერსიები: KET (A2Key), PET (B1
Preliminary), FCE (B2 First) და CAE (C1 Advanced).
კემბრიჯის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთათვის სტანდარტული რეგისტრაცია 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის 24:00 საათამდე გაგრძელდება. მათთვის, ვინც ამ ვადებში ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, გვიანი რეგისტრაცია 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბრის 24:00 საათამდე გასტანს. გვიანი რეგისტრაციის საფასური 120 ლარს შეადგენს (დამატებული გამოცდის საფასურს).
2024
წლის დეკემბრის გამოცდებზე აპლიკანტები ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით
რეგისტრირდებიან. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
კემბრიჯის მენიუში განთავსებულ
რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის ყველა სავალდებულო ველი და მიბმულ ფაილად ატვირთონ
- გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ფოტო;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (აიდი ბარათი ან პასპორტი) ფოტო;
იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აიდი ბარათი ან პასპორტი) მან უნდა ატვირთოს
„იდენტიფიკაციის ფორმა 17 წლის ან მასზე ნაკლები ასაკის კანდიდატისთვის“. არსებული
ფორმის ყველა ველი, გარდა კანდიდატის ნომრისა, უნდა იყოს შევსებული,
დაკრული უნდა ჰქონდეს 3X4-ზე ზომის 2 ფოტო, რომელზეც ხელი უნდა ჰქონდეს
მოწერილი სკოლის/მოსამზადებელი ცენტრის მასწავლებელს ან დირექტორს.
იმისათვის,
რომ აპლიკანტი დარეგისტრირებულად ჩაითვალოს, გთხოვთ დაელოდოთ რეგისტრაციის
დროს მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოსულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.
სტანდარტული რეგისტრაციის დასრულებიდან 2 კვირაში აპლიკანტი რეგისტრაციის
დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს გამოცდის განრიგს.
ტესტირება ჩატარდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ე. მინდელის N9) შემდეგი განრიგით:
Paper-based KET (A2Key) – 5 დეკემბერი
Paper-based PET (B1 Preliminary)- 5 დეკემბერი
Paper-based FCE (B2 First) – 14 დეკემბერი
Paper-based CAE (C1 Advanced) – 14 დეკემბერი
კემბრიჯის
გამოცდების ერთ-ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სხვა მსგავს გამოცდებთან
შედარებით მისი სერტიფიკატი უვადოა. მას ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი
ადამიანი აბარებს მსოფლიოს 130-მდე ქვეყანაში.