ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა ღირსეული, საქმესა და თავის მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. მას არაერთი წარმატებული თაობა აღუზრდია. მისი სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებული ადამიანები არიან და არასოდეს ივიწყებენ თავიათი ხელმძღვანელის ამაგსა და ღვაწლს.
აღსანიშნავია, რომ დირექტორმა etaloni-ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ურთიერთობა მისთვის. როგორც თავად გვითხრა, ბავშვებისგან ბევრ რამეს სწავლობს და მოსწავლეებთან ურთიერთობა დირექტორს ბედნიერებას ანიჭებს.
„ბევრი რამ შეიძლება მასწავლებელმა ისწავლოს მოსწავლისგან. ზოგადად, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობას ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემაა. ასევე მნიშვნელოვანია, ის ფაქტორიც, რომ ბავშვის ხასიათის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ და განწყობა, სწავლის მოტივაცია არ უნდა დავუკარგოთ.
მე პირადად ბავშვებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ძალიან ვუყვარვარ მოსწავლეებს. თქვენ წარმოიდგინეთ ლექსებსაც წერენ ჩემზე ვისაც წერის ნიჭი აქვს“, - აღნიშნავს ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კურსდამთავრებულები ჩანახატებს, ლექსებსაც უძღვნიან და ამით მის მიმართ უდიდეს სიყვარულს პატივისცემას გამოხატავენ.
კურსდამთავრებულების და ახლა უკვე შემდგარი ღირსეული პიროვნებების ჩანახატებსა და ლექსებს უცვლელად გთავაზობთ.
ერთ-ერთი კურსდამთავრებული ნუნუ ღურჭუმალიძე (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირისა და საბერძნეთში იუნესკოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის წევრი, საზღვარგარეთ გამომავალი ჟურნალის,„ემიგრანტი ქალი“, დამფუძნებელი და რედაქტორი, ქალთა ორგანიზაცია „საბერძნეთის ქართველ ქალთა კავშირის“ დამფუძნებელი და თავჯდომარე, წოდება „წარმატებული ემიგრანტის“ მფლობელი, ხუთი წიგნის ავტორი, უმაღლესი კატეგორიის წოდების მქონე პედაგოგი) დირექტორს დიდი სიყვარულით იხსენებს და მას ყველაფრისთვის მადლობას უხდის:
„მე თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პედაგოგს დაგადგით გამარჯვების დაფნის გვიგვინი
ნობელის პრემიის მფლობელმა, ალბერ კამიუმ, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ მისწერა თავის მასწავლებელს: „თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერი შეგირდია“.
ეს სიტყვები ყოველთვის წარსულში მაბრუნებს, ისევ სკოლის შენობაში შევყავარ და ჩემი უძვირფასესი მასწავლებლის ბატონი ტრისტან (ბახვა) გუგავას გაკვეთილზე მსვამს. დიახ, არსებობენ პედაგოგები, რომლებიც თავისი ცოდნით, სიყვარულით, პედაგოგიური მიდგომებითა და შემოქმედებითი კუთხით, მიუხედავად წლებისა სიკვდილამდე თქვენს პედაგოგებათ რჩებიან და თქვენ მუდამ მის შეგირდებად.
უილიამ არტურ უერდი ამბობს: „საშუალო დონის მასწავლებელი გიყვება, კარგი მასწავლებელი გიხსნის, ძალიან კარგი გიდასტურებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შთაგაგონებს“, დიახ, საუკეთესო მასწავლებელი შთაგაგონებს, მოტივაციას გაძლევს, შენს შესაძლებლობებში გარწმუნებს, თავისუფალ აზროვნებას თავისუფლებასთან ერთად გაზიარებს და ეგზიუპერის ბავშვობის ნაკრძალიდან, ცოდნის ზურგჩანთით მომავალში გიშვებს საფრენად, - აი , ასეთი იყო და არის დღესაც, ბატონი ტრისტან გუგავა, ჩემი სათაყვანებელი მასწავლებელი, რომელმაც სკოლაში სრულიად ახალგაზრდამ, პირველ გაკვეთილი ჩემს კლასში ჩაატარა. ის ყველასაგან განსხვავებული იყო. განათლების მაშინდელი კომუნისტური სისტემა მორჩილებაზე იყო დაფუძნებული, თუ მასწავლებელი ამბობდა რაიმეს გაკვეთილზე, ის ყველა მოსწავლეს ჭეშმარიტებად უნდა მიეღო.
ბატონმა ტრისტანმა ისტორიის გაკვეთილებთან ერთად სკოლაში შემოიტანა თავისუფალი, მოსწავლე-მასწავლებლის თანაბარუფლებიანი გაკვეთილები, აზრის ირგვლივ საქმიანი კამათის ხელოვნება, ყველა ბავშვის პიროვნებად ცნობა და მისი აზრის, თუნდაც მცდარი აზრის პატივისცემა. მოსწავლეებისათვის მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარ უფლებიანობა რომ ეგრძნობინებინა, ის გაკვეთილების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად რჩებოდა , საუბრობდა და თამაშობდა კიდეც სპორტულ თამაშობებს.
მასწავლებელი, პირველ რიგში უნდა იყო გულისხმიერი, წესიერი, მოყვარული და კარგი ადამიანი, ბატონი ტრისტანი პედაგოგად იყო დაბადებული, მან თავი არა მარტო მოსწავლეებს, მთელ სოფელს შეაყვარა, მაშინ ის მხოლოდ ოცდაერთი წლის იყო.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ის ისევ მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება, ის ისევ ისე ლამაზად და ტაატით დადის , როგორც დედამიწაზე, ისე მოსწავლეებისა და მთელი საზოგადოების სულიერ სამყაროში. მისი მოსწავლეები ყველგან დიდ წარმატებებს აღწევენ და რაც მთავარია მისი აღზრდილები კარგი ადამიანები არიან.
ბატონი ტრისტანი დღეს ლეჩხუმის კოლორიტი პიროვნებაა, ის შეიყვარა ყველამ, ამიტომ ის არის ყველა ლეჩხუმელის ოჯახში მიღებული ადამიანი, უცვლელი თამადა , ქართულ მაგიდას რომ მრავალხმოვანი ქართული ხალხური სიმღერებით, დიდებული სადღეგრძელოებით ალამაზებს და იქაც გაკვეთილს რომ ატარებს თავისი სიტყვამახვილი ბრძნული აზრებითა და შორს გამიზნული შეგონებებით.
ნათქვამია, ღმერთმა უწყის ვინ შევა იერუსალიმში ისევ ისე როგორც იესო, ვის დაუფენენ გზებზე ბანანისა და ზეთისხილის ტოტებს, მე კი ამას დანამდვილებით გეტყვი ჩემო დიდებულო ტრისტან მასწავლებელო, - თქვენ არამარტო ახლა, თქვენ მომავალშიც ცხოვრობთ, მე კი თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა პედაგოგს დაგადგით გამარჯვების დაფნის გვიგვინი, იმ ცოდნისათვის, იმ თავისუფალი აზროვნების განვითარებისათვის, იმ შთაგონებისათვის, რომელიც მე ძალიან დამეხმარა ჩემი ცხოვრების გზაზე და რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება როგორც უტკბილესი ლუკმა“
მას ასევე უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებდა ქუთაისი N7 სკოლის ყოფილი დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა. მისთვის დირექტორი ტრისტან გუგავა იყო ღირსეული პიროვნება, მასწავლებელი და მეგობარი. ის მასზე ყოველთვის აღფრთოვანებით საუბრობდა.
„ჩემი მასწავლებელი
ძნელია, რთულია და მეც მიჭირს, არაა იოლი მასწავლებელზე სიტყვის თქმა, ის ხომ მთელი თავისი არსებით შენი ცხოვრების იმ პერიოდს უკავშირდება, რომელსაც ბავშვობა ჰქვია და როცა ფაქტობრივად დედის მკერდიდან მოწყვეტილს ახალ სამყაროსთან გაკავშირებს. ეს ხომ ფეხის ადგმის შემდეგ, ენის ადგმაა, შენი შინაგანი გაუცნობირებელი სამყაროს უზარმაზარ გარემოსთან დაკავშირება.
ხშირად მისმენია ადამიანებისათვის, რომლებიც მასწავლებლებზე საუბრობენ, ბევრი წამიკითხავს კიდეც და უამრავ საქებარ სიტყვებთან ერთად, კრიტიკაც და საყვედურიც მომისმენია... გამკვირვებია, რადგან მე ბედმა მარგუნა ჩემი ბავშვობა და მოსწავლეობა მასწავლებელთა ისეთ გარემოცვაში გამეტარებინა, რომ რაგინდ ტვინი ვიჭყლიტო რაიმე უარყოფითი აღმოვაჩინო ვერასოდეს შევძელი, ასეთთა არარსებობის გამო. ახლა ბევრი მათგანი ცოცხალიც არაა, თუმცა ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლებიან და გაქრებიან.
ზოგჯერ იციან თქმა, ვერ ჩამოვთვლი ვინმე არ გამომრჩეს და ამით ტკივილი არ მივაყენო ან მასწავლებელს ან საკუთარ თავსო. არავინ გამომრჩება, არც ფიქრი მჭირდება მათი სახელის და სახის მოსაგონებლად. სონა გიორგობიანი, მარიამ ნემსიწვერიძე, გივი ნემსიწვერიძე, გერონტი გიორგობიანი, შალვა ყურაშვილი, დავით ხეცურიანი, გრიგოლ ირემაძე, შამშე ირემაძე, ზაურ ირემაძე, ბიძინა ახვლედიანი, დავით ჩხეტიანი, მურმან მორჩაძე, რაინდი ბურჯალიანი, ვერა კანაჩაძე, ელეონორა წვერავა, თალიკო გიორგობიანი, პაშა გიორგობიანი, ვენერა ხეცურიანი, ეთერი სვანიძე, მზია გიორგობიანი, ნუნუ დევდარიანი, ჯონი ნემსიწვერიძე, ომარ მიქაძე, ზაური ყურაშვილი, მანანა ახვლედიანი, ზაურ სილაგაძე, ტრისტან (ბახვა) გუგავა, ლეილა ფრუიძე, მაგული ყურაშვილი, მაგული ხეცურიანი, მზია ჩხეტიანი. ღმერთს ვთხოვ ნათელი მოჰფინოს აქ ჩამოთვლილთაგან გარდაცვლილებს, ხოლო მრავალჟამიერი, ცოცხალთა სიცოცხლეს.
თითოეულ მათგანზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო, მაგრამ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ აქ ჩამოთვლილ მასწავლებელთა თავკაცზე, ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორზე ტრისტან (ბახვა) გუგავაზე. კაცზე რომელიც ჩემი ფავორიტი ხელმძღვანელი და მასწავლებელია, რომელიც დღესაც წარმატებით უძღვება სკოლას, (ქართულ სუფრასაც) და მთის ის არწივია, რომლის ფრთებქვეშაც გამოზრდილი თაობები ჩვენი ქვეყნის ერთგული მართვენი არიან.
ტრისტანი არაჩვეულებრივი მშობლების მემკვიდრეა, მამა გივი გუგავა და დედა შურა ირემაძე მთელი თავიანთი შეგნებული ცხოვრება საზოგადოებრივი საქმიანობით იყვნენ დაკავებული და მათ ყველა იცნობს და დღესაც პატივს მიაგებენ. თვითონ განათლებულმა მშობლებმა სამივე შვილი, ტრისტანი, ბუგრინი და იზოლდა სწავლისადმი სიყვარულით აღზარდეს. ბუგრინი პროფესიით ინჟინერია, ხოლო ტრისტანი და იზოლდა პედაგოგები არიან. ერთი სიტყვით გუგავების ოჯახი ინტელიგენტ ადამიანთა დიდი ოჯახია.
ტრისტანი გუგავების ოჯახში პედაგოგთა დინასტიის სათავის დამდებია, მისი მეუღლე ლეილა ფრუიძე, ჩემი ქართულის მასწავლებელი, ბრწყინვალე სპეციალისტი და ადამიანია, მე მის სიყვარულს ლექსიც მივუძღვენი.
ღმერთს მაახლოებს
სიტყვის ხნულს ავლებ
წიგნთა ახოებს
და ხარის ქედით მიგაქვს სახნისი,
მე, ის ქართული ღმერთს მაახლოებს,
რომლისაც შენ ხარ დიასახლისი.
შენ განმადიდე არაფრის
მცოდნე,
გამხადე ქართულ სიტყვის მაყარი,
რომ გაახურე
მწერლობის თორნე
და შიგ მკითხველად
ამომაკარი.
შენ მარად ჩემი სულის
მხლებელო,
ხსნი გაკვეთილს და თითქოს
თან მღერი,
ჩემი ქართულის
მასწავლებელო,
ხარ ყველა ჩემი ლექსის
სახელი...
სიტყვის ხნულს ავლებ
წიგნთა ახოებს
და ხარის ქედით მიგაქვს
სახნისი,
მე ის ქართული ღმერთს
მაახლოებს,
რომლისაც შენ ხარ
დიასახლისი.
პედაგოგია ტრისტანის და ლეილას ქალიშვილიც მირანდა გუგავა, რომელიც მამიდასთან იზოლდა გუგავასთან ერთად, რომელიც დაწყებითი კლასების მასწავლებელია, სახელოვნად მოღვაწეობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში (კლასიკური გიმნაზია) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
წუხილით მინდა აღვნიშნო გუგავების ოჯახის დიდი ტრაგედია რაც გასული საუკუნის 90 იან წლებში მათი ვაჟიშვილის გივიკო გუგავას, გარდაცვალებით დატრიალდა. არადა ვინ იცის ვინ იქნებოდა დღეს ეს უნიჭიერესი ყმაწვილი.
მიუხედავად ამ განსაცდელისა ტრისტანი და ლეილა მუხლჩაუხრელად აგრძელებენ პედაგოგიურ მოღვაწეობას და თავს დატრიალებენ მთიან სოფელში აქა იქ შემორჩენილ ოჯახებს, მომავალი თაობის აღზრდის საქმეში.
ტრისტანი გამორჩეული კაცია, როგორც ხელმძღვანელი და როგორც მასწავლებელი, მან შემაყვარა წიგნი და პროფესია, მისით მოხიბლულმა ავირჩიე პროფესიად მასწავლებლობა, მისით აღფრთოვანებულმა დავიწყე მუშაობა ბავშვებთან და დღეს როგორც ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, ხშირად ვიყენებ მის გამოცდილებას, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში.
დღეს ტრისტანი ჩემი უფროსი მეგობარი და მოკეთეა, სანიმუშო მამა, მეუღლე და ორი ვაჟკაცის ბაბუა. იმედი მთის და ბარისა, დამაკავშირებელი სოფლისა და ქალაქის, დაუძინებელი მასპინძელი და მისაბაძი ქართველი კაცი.
ვუძღვნი ტრისტან გუგავას,
ჩემს მასწავლებელს და მეგობარს
და იგი ჰგავდა არისტოტელეს
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს.
ნაბიჯებ ფართე და იერ ჯმუხი,
თითქოს წუხილი მასზე ხვედრია,
სულით მდიდარი და სიტყვა უხვი,
სხვაგან სხვა კაცი არ შემხვედრია.
მისგან დამოძღვრა მგონია ლოცვა,
წიგნი გახადა ჩემი პარნასი,
ჯერ ამამხედრა და მერე მომცა,
ხელში აღვირი ბუცეფალასი.
ტყუილად ვამტვრევ ახლა ღია კარს,
ლექსით მაინც ვერ მოვავარაყებ,
ხვამლს რომ ვადარებ კაცს და კი არ ჰგავს,
ხვამლია თვითონ მოლაპარაკე.
მაკედონელი არ ვარ პელელი,
რით ვგავდე სოფლის ხმალით მომტერეს,
მაგრამ მე მყავდა მასწავლებელი
და იგი ჰგავდა არისტოტელეს“
ტრისტან გუგავას შესახებ ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში ბატონმა ენდი ნემსიწვერაძემ.