KIU-ს, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
02-10-2024

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU), ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა (KUCA) და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ.

მემორანდუმის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდებში ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით, ერთობლივი საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტების განხორციელება. მათ შორის, სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, საუნივერსიტეტო კამპუსის მცენარეთა ცოცხალი კოლექციების განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც KIU-ს სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ესწრებოდნენ, ბათუმის ბოტანიკური ბაღის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა და შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აგრონომიისა და ბოტანიკის შესახებ მათთვის საინტერესო ინფორმაცია პირადად პროფესიონალებისგან მიეღოთ.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, ბიომრავალფეროვნების დარგის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

აღსანიშნავია, რომ KIU-ს კამპუსი მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქ ქუთაისის ცენტრის მახლობლად. კამპუსი გაშლილია 160 ჰექტარ მიწის ფართობზე და გარშემორტყმულია ბიომრავალფეროვანი ტერიტორიით. KIU გვთავაზობს ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს. უნივერსიტეტი მოიცავს თანამედროვე და უახლეს ლაბორატორიებს, კაფეტერიებს, ბიბლიოთეკებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, ინტერაქტიური სწავლის მართვის სისტემას და ინფრასტრუქტურას, რაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლებისა და კვლევის ჩატარებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203