გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, პედაგოგ დონი მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ქიმიაში ცდები ჩაატარეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ ამონიუმის ბიქრომატის დაშლა ნახეს, რომლის დროსაც ქრომის სამვალენტიანი ოქსიდი გამოიყოფა. მოსწავლეებმა დაინახეს, რომ ქრომის ამ ოქსიდს აქვს მწვანე შეფერილობა და თან მიღების ერთ-ერთი ხერხია რთული ნივთიერების გახურებით დაშლაა.
გარდა ამისა, მე-8 კლასში გაკვეთილი იოდის სუბლიმაციას შეეხო, რომლის დროსაც ის მყარი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადადის.
„ქიმია ყველაფერშია, სამყაროს უკიდეგანო სივრცეებში და წყლის ერთ პატარა წვეთში, სიყვარულსა და სიძულვილში, სიცოცხლესა და სიკვდილში, ჩვენს სხეულებშიც, რომელიც ერთ პატარა ნაწილს წარმოადგენს იმ უზარმაზარ ლაბორატორიაში, რომელსაც სამყარო ჰქვია.
სკოლა, რომელსაც არ გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ასე იწყებს 2024-2025 სასწავლო წელს ქიმიის გაკვეთილებს დონი მასწავლებელთან ერთად.
კეთებით სწავლება, გარდა კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარებისა, ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი რთული სააზროვნო უნარების განვითარებას, როგორიცაა: ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომა და საკუთარი თვალთახედვის არგუმენტირება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეოები: