აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამიტომაც, ბუნებრივია, რომ სკოლაში ყველა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობა ეძღვნება. ამჯერად, მოსწავლეებმა სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. მათ ამ დღესთან დაკავშირებული განცდები ფურცლებზე გადაიტანეს.
ახალგაზრდებმა სიყვარული გამოხატეს და აფხაზეთში დაბრუნების იმედი გამოთქვეს. გარდა ამისა, მათ თემატური პოსტერები და პრეზენტაციაც მოამზადეს. ასევე, დახატეს და თემატური ლექსები წაიკითხეს.
„ტკივილიანი წლები გავიდა სოხუმის დაცემიდან... თითქოს ხელახლა განვიცდით ამ ავბედითი დღის თითოეულ წამს, თუ როგორ დავკარგეთ ჩვენი მიწა-წყალი, რომელიც დღემდე გვესიზმრება...
1993 წლის 27 სექტემბრიდან არამარტო ეს დღე, ყოველი დღე ტკივილია, რომელსაც დრო ვერ კურნავს.
გვჯეროდეს და გვწამდეს, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს და „გემი მალე მიადგება ნაპირს!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: