საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს.
ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ. მათში განსაკუთრებული ინტერესი პიქტოგრამებმა გამოიწვია. ამიტომაც დიდი გულმოდგინებით აქციეს იგი კომუნიკაციის ენად და თიხისგან ნაძერწ „ქვის ლოდებზე“, საინტერესო წარწერები შექმნეს.
ძირითადი თემა - სანადიროდ წასვლა და ცეცხლის გაჩაღება იყო.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ბიბლიური მითები ადამიანის შექმნასა თუ ბაბილონის გოდლის შესახებ. ისინი ისე მოიხიბლნენ მითების თემით, პედაგოგის ინიციატივით, კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა საკუთარი მითი შეექმნა.
ასე წარმოიშვა მითები: „მაგიური ქვა“, „ენების მცოდნე ქალღმერთი“, „ადამიანი და ცხოველი“, „თხოვნა“.
„ვისმენდი და ვფიქრობდი, სამყაროზე წარმოდგენებითა თუ პერსონაჟთა სახეებით, ნებისმიერი მათგანი არსებულ ხალხურ თქმულებებსაც კი გაუტოლდება-მეთქი. თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, თითოეულს ქართული ფესვები რომ ჰქონდა და ჩვენი დროის მკვლევრებისთვისაც კი ნათელს გახდიდა, ქართველურ ენათა ოჯახიდან აღმოცენებული რომ იყო. ახლა ასომთავრული ანბანით წერილების შექმნას აპირებენ. მომავალში,საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მისულები, მეტი ინტერესით მოინახულებენ იქ დაცულ უძველეს ქართულ წარწერებსაც. კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაკტიონ ტაბიძის მსგავსად მათაც მოეწონათ ჲ (იოტა), თუმცა მეეჭვება ილია ჭავჭავაძის რეფორმას ოდესმე დაუპირისპირდნენ და მისი ანბანში დაბრუნება მოითხოვონ“, - ასე აფასებს პედაგოგი მარი თაბაგარი მოსწავლეთა ნამუშევრებს.
იხილეთ ფოტოები: