„ცამეტი თვე და ცამეტი დღე“ - ასკანის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომსა და სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
08-10-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის საქართველოს ისტორიის სწავლებას და მათთვის იმ გრძელი და ძნელი გზის გაზიარებას, რომელიც ჩვენმა ერმა დღემდე მოსასვლელად განვლო.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან, ბადრი ჯაველიძესთან  ერთად, გააცოცხლეს უმძიმესი კადრები არცთუ შორეული წარსულიდან, მოირგეს მეომრების როლები და გაიხსენეს ის დიდი ტრაგედია, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. 

მოსწავლეებმა პატივი მიაგეს შეწირულ, მათ შორის ასკანელი სვანი ბიჭის, ბორის მარგველიანის ხსოვნას.

„27 სექტემბერი ქართველი ერის ცხოვრებაში უმძიმესი, სამგლოვიარო დღეა. 13 თვისა და 13 დღის  კონფლიქტმა აფხაზი ქართველები ლტოლვილად აქცია, ბევრი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა. საქართველოს ულამაზესი კუთხე მოსწყდა, მოისპო ქართულ-აფხაზური კავშირი მორდუობისა, მკერდმოჭრილი ივერია  ვერ იშუშებს ტკივილებს…

ქვეყნის მასშტაბით  დროშები ეშვება. გმირთა საფლავებს ყვავილებით ამკობენ.  

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ისტორიის მასწავლებელთან, ბადრი ჯაველიძესთან  ერთად,  ეს დღე ემპათიურად აღნიშნეს. გააცოცხლეს უმძიმესი კადრები, მოირგეს მეომრების როლები და გაისიგრძეგანეს ის უბედურება, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. 

მოსწავლეთა ინიციატივა მოსახლეობისათვის ემოციური აღმოჩნდა. თემმა,  სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის გმირულად დაღუპული ვაჟკაცის, ასკანელი სვანი ბიჭის, ბორის მარგველიანის ხსოვნას.

„ცამეტი თვე და ცამეტი დღე… ცამეტში დაიბადა, 23 წლის, 1993-ში , ოჩამჩირეში დაიღუპა…

ასკანელი  ბორის მარგველიანი აფხაზეთში ძმის ოჯახის გამოსაყვანად  წავიდა. როცა ისინი სამშვიდობოს დაიგულა, დაბრუნდა მეომარ ძმათა დასახმარებლად, ჩაეწერა „ავაზას“ ბატალიონში და იბრძოდა ქვეყნის ღირსებისათვის. მალე შავად შეიმოსა მისი მრავალშვილიანი დედა!

მოსწავლეებმა თანაგანცდით გაიაზრეს მეომრების, საქართველოს მოსახლეობისა და მათი თანატოლების აღუწერელი ტრაგედია

დადგება დრო, როცა ჩაუქად ნაზარდი ქართველები და აფხაზები ერთად იბრძოლებენ საქართველოს  ერთიანობისათვის, ბეჭზე ორბად შეიფრენენ „ურაიდა რაიდას“ და ძმები საუკუნოდ შერიგდებიან!

გმირების ხსოვნა კი სანთლებად აინთება…“, - ამ ემოციური სიტყვებით შეაფასა სკოლის დირექტორმა ეკატერინე ქუთათელაძემ 27 სექტემბრის ტრაგედია და ამ დღისადმი მიძღვნილი ემოციური ღონისძიება ასკანის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203