საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი - ნინო ბობღიაშვილი და პედაგოგები მოსწავლეთა განწყობა-მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლაში მწერალ გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 70-ე წლისთავი აღნიშნეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლეილა არჩემაშვილმა მერვეკლასელებს საპროგრამო მასალიდან გოდერძი ჩოხელის მოთხრობები: „ანგელოზთღამეობა“, „გაღმივლები“, „ადგილის დედა“, „ცხრა შეკითხვა სიყვარულის რაობისათვის“, „ცასწავალა“ და სხვები უკვე შეასწავლა.მეოთხეკლასელებს კი დაავალა, ზაფხულის არდადეგებზე, სხვა მწერალთა მოთხრობებთან ერთად, გოდერძი ჩოხელის ზემოაღნიშნული ნაწარმოებები გულდასმით წაეკითხათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლეილა არჩემაშვილი, მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობის მიზნით, ძირითად რესურსებთან ერთად, დამატებით რესურსებს (დოკუმენტურ ფილმებს მწერლების უცნობი ისტორიების შესახებ, ლიტერატურული თეატრის ვიდეოჩანაწერებს და სხვა) იყენებს.
მოსწავლეებმა, სხვადასხვა დროს, გოდერძი ჩოხელის რამდენიმე ფილმი ნახეს. 2 ოქტომბერს კი, მერვე- და მეოთხეკლასელებმა თავიანთი საყვარელი მწერლის - გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან 70-ე წლისთავს ლიტერატურული საღამო მიუძღვნეს.
საღამოზე მოსწავლეებმა წაიკითხეს მწერალ გოდერძი ჩოხელის პატრიოტული ლექსები, ამონარიდები მისი ნაწარმოებებიდან, მეგობრებს გააცნეს ჩოხელის ლამაზი ჩანაწერები, ისაუბრეს მისი მოთხრობების პერსონაჟების შესახებ და მის მდიდარ ბიოგრაფიაზე...
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა გამოთქვეს დიდი სურვილი ჩოხში, მწერლის სახლ-მუზეუმის მონახულების.
„თითქმის ყველა მოსწავლეს განსაკუთრებულად გოდერძი ჩოხელის ეს ფილოსოფიური მიგნება უყვარს და ზეპირად იცის: „რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. სიკვდილი? - სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: