ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პროექტის - „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი“ ფარგლებში, მწვანეყვავილას პანთეონში გასვლითი კონფერენცია მოეწყო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დირექცია და პედაგოგები დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.
„ამ მხრივ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა და შედეგებიც შესაბამისი გვაქვს ...“- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მიმდინარე სასწავლო წელს ჩაერთნენ პროექტში - „რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი...“ პროექტი მიზნად ისახავს ქართული კულტურის ძეგლების, ღირსეული წინაპრებისა და საუკეთესო ტრადიციების შესწავლა-პოპულარიზაციას.
პროექტის ფარგლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი ტუკვაძემ და მათემატიკის მასწავლებელმა - თეა მეშველიანმა ერთობლივად დაგეგმეს მე-9ა კლასის (კლ. ხელმძღვანელი თეა მეშველიანი) მოსწავლეთა ჩართვა საინტერესო აქტივობებში. დაიგეგმა მწვანეყვავილას პანთეონის ისტორიის შესწავლა, იქ დაკრძალული დიდი მამულიშვილების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა, საინტერესო ფაქტების მოძიება ჩვენი ქალაქის თვალსაჩინო მამულიშვილების მოღვაწეობიდან.
საკითხები გადანაწილდა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. პროექტის დასკვნით ნაწილად გადაწყდა გასვლითი კონფერენცია პანთეონში და იქ პრეზენტირება მოძიებული მასალებისა.
6 ოქტომბერს კი პროექტის ხელმძღვანელები და მონაწილე ბავშვები ეწვივნენ პანთეონს. მათ ინტერესით დაათვალიერეს პანთეონში დაკრძალულთა საფლავები, ყვავილებით შეამკეს ისინი და საამაყო ქუთაისელებს აუნთეს სანთლები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოპოვებული ინფორმაციები დიდი მამულიშვილების შესახებ: მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ისტორია (ელისაბედ ხურციძე); მწერალ რეზო ჭეიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა (ლიზი ვაშაყმაძე); დიდი პედაგოგისა და განმანათლებლის - იოსებ ოცხელის მოღვაწეობა ( მარიამ ადეიშვილი); სახელოვანი მხატვრისა და მოქანდაკის ვალერიან მიზანდარის ცხოვრება და შემოქმედება (ნატა ფხალაძე); ქართული დოკუმენტალური კინოს ფუძემდებელ ვასილ ამაშუკელის ცხოვრება და მოღვაწეობა (ანასტასია ჩაკვეტაძე), ქართული მუსიკის თვალსაჩინო წარმომადგენლის - მელიტონ ბალანჩივაძის მოღვაწეობა ( ნინაკა ნიკოლაძე და ანტონინა ალფაიძე); ზურაბ კუხიანიძის ცხოვრება და პოეზია (ლილიანა ქობულაზე); ქართული კალათბურთის ამაგდარი მოღვაწის - სულიკო თორთლაძის ცხოვრება (ხატია ბაკურაძე);
მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ლევან კოხრეიძის ცხოვრების შესახებ, ყვავილებით შეამკეს მამაცი მებრძოლის საფლავი.
ცნობისათვის, აღნიშნული პიროვნება სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელ შორენა კოხრეიძის მაზლია, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კიდევ უფრო აძლიერებდა მოსწავლეთა ინტერესს ამ პიროვნების შესახებ.
კონფერენცია დაგვირგვინდა მურად ჭიჭინაძის საფლავთან გამართული ლიტერატურული კითხვით.
თავდაპირველად ლალი მასწავლებელმა უამბო ბავშვებს ამ მამაცი ალპინისტის ბობოქარი ცხოვრებისა და სპორტული კარიერის შესახებ, როგორი გამბედავები იყვნენ ჩვენი ალპინისტური ნაკრების წევრები: მურად ჭიჭინაძე, დევი თარხნიშვილი, დათო კობახიძე, გია ტუშური, ირაკლი გელდიაშვილი და გივი ზუმბაძე.
ქართული ალპინიზმის ისტორიაში ამ ბიჭებმა წარუშლელი კვალი იმითაც დატოვეს, რომ გაბედეს და ზამთარში დალაშქრეს მწვერვალი უშბა, თუმცა უკან დაშვებისას ყველანი დაიღუპნენ. ამ გამბედავ ალპინისტებს მიეძღვნა მხატვრული ნარკვევი - „უშბის ბიჭები“. მოსწავლეებმა: ანა თევზაძემ, საბა დოგრაშვილმა, თამაზ გარდაფხაძემ, ლიზი ამბროლაძემ და საბა ცხადაძემ წაიკითხეს უშბის ბიჭების ტრაგიკული დასასრული და პატივი მიაგეს მურადის საფლავს.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ სახელოვანი ქუთაისელი მამულიშვილების ღვაწლს, გამოხატეს მოწიწება ამ დიდი ადამიანების მიმართ, თუმცა უკმარისობის განცდაც დაეუფლათ, რადგან პანთეონს აკლია მზრუნველი ხელი, დახავსებულია ბიუსტები, ქანდაკებები, წაშლილია გვარ-სახელები, მოსაწესრიგებელია საფლავებამდე მისასვლელი ბილიკები. იმედია, ქალაქის მერია იზრუნებს ამ საკითხის მოსაწესრიგებლად, რადგან ძვირფას საფლავებს გაფრთხილება უნდა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
დასასრულს მოსწავლეებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, მოილოცეს ეკლესიაში და დატკბნენ შემოდგომის ქუთაისის ლამაზი ხედებით.
„ასეთი შინაარსიანი და ლამაზი აქტივობები ხშირად უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოსწავლეებს, რათა გავუფერადოთ ბავშვობის დღეები და მათში აღვძრათ ინტერესი სახელოვანი წინაპრების ცხოვრების გაცნობა-გაფრთხილებისა“, - გვეუნებიან სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
იხილეთ ფოტოები: